პოლიტიკა
რობინ ვაგენერი საქართველოს ესტუმრა

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერი საქართველოს ესტუმრა. ვაგენერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელიცაა.

5 ივნისს რობინ ვაგენერი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება განიხილა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტში საქართველოს სამშვიდობო როლზე, აგრეთვე შუა აზიასა და ევროპის რეგიონს შორის საქართველოს დამაკავშირებელ სატრანზიტო როლზე.

მათვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერაზე იმსჯელეს. ვაგენერმა აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, არამედ საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავს. იგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწეული საქმიანობა იყო. ოხანაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერის გამო.

სასიხარულოა, რომ სტუმრის მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გზავნილი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ იმ საკითხების დასასრულისკენ მიყვანის პროცესს, რომელიც უკავშირდება 12-პუნქტიან გეგმას. პრაქტიკულად, ივნისის ბოლოს, დავასრულებთ 11 პუნქტზე მუშაობას, რომელიც არის შესრულებადი. რჩება ერთადერთი – დეპოლარიზაცია, რომელთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ.