საზოგადოება
ქუთაისში შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებსა და ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებს

Tavisufali-saqarTvelo15ახალი ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიური მტკიცებისა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით გაიოლდა ბიზნესის კეთება საქართველოში, რეალურად საპირისპირო ხდება.

„ქ. ქუთაისის შემოსავლების სამსახურში შექმნილია სპეციალური 3-კაციანი ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე, ახდენენ საკონტროლო შესყიდვებს და, რაც მთავარია, შემოწმების ოქმები წინასწარ აქვთ შედგენილი, გეგმა – გაწერილი, თუ რამდენი სავაჭრო ობიექტი დააჯარიმონ 500-500 ლარით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ისედაც გაუბედურებული, გაღატაკებული და ღრმა კრიზისში მყოფი ბიზნესის დაყაჩაღება და მისცეს მას ნორმალური მუშაობის საშუალება, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ შევიწროვებულმა ბიზნესმენებმა მიმართონ ორგანიზაციის ქუთაისის საქალაქო განყოფილებას.