უცხოეთი
ყაზახეთის პრეზიდენტი - ბელარუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირში, ვაფასებ მის ხუმრობას

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ თოყაევის თქმით, მისი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანებას და მას ასევე არ სჭირდება ბირთვული იარაღი.

ამ განცხადებით თოყაევი გამოეხმურა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს.

„ახლახან ბელარუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა.

თოყაევის თქმით, მისი ქვეყანა ამ საერთაშორისო დოკუმენტების ერთგული რჩება.

1tv.ge