აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: როგორც ფრენების ჩაკეტვა, ასევე რუსეთთან ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. როგორც ფრენების ჩაკეტვა, ასევე რუსეთთან ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ჩვენ გვახსოვს, 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მაშინ, მათ შორის, ჩვენი დასავლელი კოლეგები, ასევე დასავლეთ ქვეყნების ელჩები საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა. რადგან თავის დროზე, იცით, რომ ეს სანქციის სახით იყო შემოღებული რუსეთის მხრიდან. მაშინვე იყო ეს მოწოდებები, თუმცა ეს მოწოდებები არ იქნა გათვალისწინებული რუსეთის მხრიდან. ახლა მიიღეს გადაწყვეტილება ცალმხრივად. ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ის უსამართლო სანქცია, რაც ჰქონდა დაწესებული რუსეთს საქართველოს მიმართ, მოიხსნა. ზოგადად, კარგია, რომ სანქციები, ვისაც აქვს დაწესებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“.