რელიგია
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მოსკოვში წირვაზე დასწრების გადაწყვეტილების საქართველოს პატრიარქთან შეთანხმება ვერ მოასწრო

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში ვიზიტი დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი, ჯერ კიდევ სანამ სავიზო რეჟიმი გაუქმდებოდა და პირდაპირი ფრენები აღდგებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ქართულ ეკლესიაში წირვის ჩატარება და ადოლფ ოვჩინიკოვის მიერ აღდგენილი ქართული ფრესკების გამოფენაზე დასწრება იყო.

ცნობილია, რომ მე დროდადრო დავდივარ ხოლმე მოსკოვში სხვადასხვა მიზეზის გამო. ამჯერადაც ვიზიტი დაგეგმილო მქონდა. დღეს არის ამაღლება და ყველას გილოცავთ. დღეს ჩავატარე წირვა ქართულ ეკლესიაში, რომელიც რამდენიმე საუკუნეს ითვლის მოსკოვში. ქართველები დღესაც აქ დადიან, ქართულ ენაზე აღევლინება მსახურება. დიდი ხანია, მღვდელმთავარს აქ არ ჩაუტარებია წირვა და ერთ-ერთი მიზანი ესეც იყო. ერთ-ერთი მიზანი იყო ჩემი ჩამოსვლის, რომ აქ იყო არაჩვეულებრივი გამოფენა ქართული ფრესკების, რომლებიც აღადგინა ძალიან ცნობილმა რუსმა რესტავრატორმა. ეს იყო ადოლფ ოვჩინიკოვი, რომელიც ქართველების დიდი მეგობარი იყო. თითქმის 30 წლის განმავლობაში, ყოველ წელს ჩამოდიდოდა საქართველოში, გადაგვირჩინა ბევრი ფრესკა იმიტომ, რომ დაიღუპა ეს ფრესკები და მხოლოდ ოვჩინიკოვის მიერ აღდგენილი ფრესკებით არის ეს ყველაფერი ცნობილი. ეს და კიდევ სხვა საინტერესო შეხვედრები მაქვს ქართველებთან, არაქართველებთან“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

რაც შეეხება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვაზე დასწრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნულ მსახურებაზე დასწრების გადაწყვეტილების საქართველოს პატრიარქთან შეთანხმება ვერ მოასწრო.

რომ ჩამოვედი, როდესაც ვითხოვე უფლება, ამაღლებას წირვა ჩამეტარებინა ქართულ ეკლესიაში, მითხრეს, რომ წინა დღეს არის წირვა ცენტრალურ ტაძარში და მიმიწვიეს ამ წირვაზე. ერთი მხრივ, ვერ მოვასწარი საპატრიარქოსთან ამის შეთანხმება და მეორე მხრივ, ვერავითარი მიზეზი ვერ ვნახე, რომ არ მივსულიყავი პატრიარქთან, რადგან წირვა არის ევქარისტიული კავშირი. არავისთან ჩვენ არ გვაქვს გაწყვეტილი ევქარისტიული კავშირი. ეს არ არის პოლიტიკა. ეს არ არის ამქვეყნიურ საქმეებში ჩარევა. ეს არის წირვა, რომელიც აღვავლინე რუსეთის პატრიარქთან ერთად. მე დაახლოებით ორი თვის წინ შევათანხმე მოსკოვში წამოსვლა პატრიარქთან და ამის უფლება, ლოცვა-კურთხევა მომცა პატრიარქმა, რადგან მე ჩემი საქმეების გამო მოვდიოდი, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ წირვაა, მე ვერ მოვახერხე პატრიარქთან ამის შეთანხმება. მოსკოვის საპატრიარქოც და საგარეო საქმეთა განყოფილებაც გავაფრთხილე, რომ ეს პატრიარქთან არ მექნებოდა შეთანხმებული, რომ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ისინი მე მიმიწვევდნენ პირადად და არა როგორც ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საპატრიარქოდან. ვფიქრობ, მქონდა უფლება, ინდივიდუალურად გადამეწყვიტა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლისა და რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებულ წირვაზე დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში კერძო ვიზიტით იმყოფება და არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს.