აქტუალური
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი თბილისს სტუმრობს

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინა თბილისს სტუმრობს, სადაც იგი 24 მაისს უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. არსებული ცნობით, ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები – ილია დარჩიაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძეც უმასპინძლებენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებაზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მანვე საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკურებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე“. შალვა პაპუაშვილმა ამ პროცესში „პირადი ძალისხმევისთვის“ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტისვე ინფორმაციით, თავის მხრივ, ხავიერ კოლომინამ „დადებითად შეაფასა საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა“ და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ურყევია ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“. მანვე აღნიშნა, რომ „ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე „საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესი“ აღნიშნეს. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნატოს მხრიდან საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული პრაქტიკული დახმარების გაგრძელება.

ლაშა დარსალიამ და ხავიერ კოლომინამ მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესზეც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც მიმოიხილეს. „ალიანსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“.