უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - საერთაშორისო საზოგადოება იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, მთიანი ყარაბაღის სომეხთა უსაფრთხოებისთვის უნდა იყოს ბაქო-სტეპანაკერტის დიალოგი

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივაღწევთ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე თანხმობას და ხელს მოვაწერთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონში ვითარება დაძაბული რჩება.

„საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა და აზერბაიჯანმა წინაპირობების გარეშე უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა – 29 800 კვ.კმ და 86 600 კვ.კმ ფარგლების შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის სომეხთა უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარშემო ბაქოსა და სტეპანაკერტს შორის ადგილი უნდა ჰქონდეს დიალოგს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

ფაშინიანის განცხადებით, სტეპანაკერტი-ბაქოს დიალოგის უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამასთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული გარანტია არის მშვიდობა, რომელიც შესაძლებელია ყველა მეზობელთან ურთიერთობების დარეგულირებით. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს ის არის, რაც ჩვენს ხალხს სურს და რასაც ელოდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა სამშვიდობო შეთანხმების მეოთხე რედაქცია და ახლა ბაქოს პასუხს ელოდება.

1tv.ge