პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი დამაზიანებელი განცხადებებისთვის

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტი არ უნდა სპეკულირებდეს, რა შუაშია რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა და პრეზიდენტის ვიზიტი უცხო ქვეყანაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარი შედარებაა, ესაა სპეკულაციაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობის გაცემა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებაა.

ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტი ასე სპეკულირებს. დასანანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება ვიზიტზე თანხმობის გაცემას, ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება. თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება აქვს, პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა არ მისცეს. ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც გააკეთა პარლამენტში. დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. მთავრობას შეიძლება, არ გაუცია თანხმობა და შეიძლება გასცეს, არ ვიცი, ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ ჩემთვის ლოგიკური იქნება, თუ მთავრობას ეშინია პრეზიდენტის განცხადებების. ეშინია პირობითი სიტყვაა, რადგან მისი დამაზიანებელი განცხადებები მოვისმინეთ. პრეზიდენტი როცა აცხადებს, რომ პარლამენტი ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და სინამდვილეში სტატუსისთვის არ დგამს ნაბიჯებს, ეს დამაზიანებელია. რა თქმა უნდა, უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებებისთვის, რათა არ დაზიანდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.