საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას სახელმწიფოს უსაფრთხოების ფაქტორად მიიჩნევს და თვლის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტი მოლდოვის დასაცავად არასაკმარისია.
„მოლდოვის კონსტიტუცია 1994 წელს მიიღეს. შეიძლება, ითქვას, რომ განცხადება ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელიც კონსტიტუციაშია შეტანილი, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეალურად, კონსტიტუციის მიღმა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვას ჰყავდეს მეგობრები“, – განაცხადა პოპესკუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, პატარა სახელმწიფოებისთვის გეოპოლიტიკაში ყველაზე საშიში „მარტო ყოფნაა“.
„ევროკავშირში გაწევრიანება მოგვცემს საშუალებას, მომავალს უფრო თავდაჯერებულად შევხედოთ, გავიაზროთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა მარტო არ არის პრობლემების მთელ სპექტრში. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა რუმინეთთან. რუმინეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში, რუმინეთი მოლდოვას მარტო არ დატოვებს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან, კანადასთან – ყველასთან, ვისაც სურს რეფორმების გაგრძელება მოლდოვაში, რათა ჩვენთან მომავალშიც მშვიდობა და სტაბილურობა იყოს“, – დასძინა ნიკუ პოპესკუმ.
1tv.ge