საზოგადოება
ელენე ხოშტარია: ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, ავიაკომპანია „აზიმუტის“ ფრენა აკრძალულიაო და საქართველოს მთავრობამ ამ ავიაკომპანიას უთხრა, მობრძანდით, იფრინეთ. ეს თვითმფრინავი კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 19 მაისს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, რა დროსაც საქართველოსა და რუსეთს შორის „აზიმუტ ეარლაინსის“ ფრენებს გააპროტესტებენ.

„ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს თვითმფრინავებთან და ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ევროპული ინტერესებისა. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი. ავიაკომპანია „აზიმუტი“ ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში. აკრძალულია, რადგან ეს კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს და ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს ბომბავს უკრაინას, ხოცავს ადამიანებს. მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, ამ კომპანიის ფრენა აკრძალულიაო და საქართველოს მთავრობამ ამ ავიაკომპანიას ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა, მობრძანდით, იფრინეთ. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი და მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, მოღალატე, სისხლში ამოსვრილი ადამიანი, ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც აპირებს, იფრინოს საქართველოში.

გუშინ ვნახეთ, რომ ამ ავიაკომპანიას ვებგვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უწერია, როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით. პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ოკუპაციის კანონს. მთავრობამ, გარდა იმისა, რომ ნებართვა მისცა, სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და ორ საათში მოხსნეს საიტიდან ეს ჩანაწერი. ვნახეთ, როგორ სინქრონში მოქმედებს ჩვენი მთავრობა რუსეთთან. ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც მორიგი ამოცანის წინაშე გვაყენებს. ჩვენ არაერთხელ ჩავაბარეთ ეს გამოცდა, ჩავაბარეთ 24 თებერვალს, როდესაც უკრაინას დავუდექით გვერდით, ჩავაბარეთ ივნისში, როდესაც დავიცავით ევროპული არჩევანი და ზუსტად ასევე უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ღირსება, სუვერენიტეტი.

შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც თვითორგანიზებით იგეგმება დღეს პარლამენტის უკან და კანცელარიასთან, რათა ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ეს თვითმფრინავი კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. 19 მაისს, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, ჩვენი საქმე არ არის, ვინ როგორ გადაწყვეტს, სად იფრინოს, მაგრამ რუსეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ამ თვითმფრინავს არ ხვდებიან ტაშით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კითხვაზე, ხომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელი ქვეყნების მიერ არის დასანქცირებული ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა:

„ეს კომპანია ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ეს არის უკვე საჰაერო სანქცია, ეს არის სანქცირება, როდესაც შენ იქ ვერ ჯდები. სანქცირების რეჟიმი არის განსხვავებული. დიდი კომპანიები, გარდა იმისა, რომ ვერ დაფრინავენ, მათი მომსახურება ისჯება დამატებითი რეჟიმით – გაყინულია, დაყადაღებულია სხვადასხვა ფინანსური რესურსი და ასე შემდეგ. ვერცერთი რუსული კომპანია ვერ დაფრინავს ევროპაში. გუშინ დაიწერა უკვე სტატია, რომ სისხლში ამოსვრილი ხომალდები მოფრინავენ საქართველოში. როგორ შეიძლება, მსგავსი კომპანია შემოუშვა, როდესაც ვნახეთ, რა წერია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. სანქცირებულია სხვა რეჟიმით. ვერ დაფრინავს და ეს არის სანქცია, მისი მფლობელი არის სანქცირებული“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახლახან გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც ევროკავშირის შავ სიაში არ არის.