საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ეს არის სანქციები, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთს ჰქონდა დაწესებული და ამ სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებისა და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ევროპულ განაცხადს მიჰყვება კეთილსინდისიერად.

„2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე ფრენების ნაწილში მოეხსნა. ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველი არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს.

საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა – ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან, რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წინა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.