უცხოეთი
სერგეი გავრილოვი - ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის უარის შედეგი. შესაბამისი განცხადება რუსულ გამოცემა Life.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა.

„ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს“ , - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვი ამბობს, რომ თავად საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მოსკოვში ელოდება თავის ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.

„თუმცა, ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას დიდი სამამულო ომის დროს“, - დასძინა გავრილოვმა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

interpressnews.ge