საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. უკვე ნახევარი საუკუნეა ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიცირებული მოძრაობა იბრძვის მსოფლიოში ტრადიციული, უზენაესი ფასეულობების განმტკიცებისათვის, დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ, და იმ ფასეულობებზე ვისაუბროთ, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ერთობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციაზე მიწვევისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პრივილეგიაა უნგრეთში, ევროპის ნამდვილ გულში და მის ერთ-ერთ უძველეს ქვეყანაში, მის მომხიბვლელ დედაქალაქ ბუდაპეშტში ყოფნა. თქვენთან ერთად ვიზიარებ აღფრთოვანებას მისი მდიდარი ისტორიით, იმ ბრძოლით, რასაც უნგრეთი საუკუნეთა განმავლობაში ეწეოდა ევროპისა და თავისუფალი სამყაროს დასაცავად არაერთი მტრისაგან.

მომავალ წელს 50 წელი სრულდება პირველი კონსერვატიული კონფერენციიდან, რომელზეც პირველი მისასალმებელი სიტყვა ლეგენდარულმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წარმოთქვა. უკვე ნახევარი საუკუნეა ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიცირებული მოძრაობა იბრძვის მსოფლიოში ტრადიციული, უზენაესი ფასეულობების განმტკიცებისათვის. ბუნებრივია, ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი იყო ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მოწვევა. ამ შესაძლებლობისთვის დიდ მადლობას ვუხდი კონფერენციის ხელმძღვანელებს და ორგანიზატორებს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა თანამედროვე, ურთულესი გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ, და იმ ფასეულობებზე ვისაუბროთ, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ერთობას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.