საზოგადოება
“ხალხის ძალისა“ და პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებს შექმნიან

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების პროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ.

აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

2024 წლის მოწვევის პარლამენტში, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია, თუმც “ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებს ვერ ქმნიან. მიზეზი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერია, რომლის მიხედვით, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება“ არსებობს, მისი შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიდნენ - მათ დღემდე უფრაქციო პარლამენტის წევრის სტატუსი აქვთ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს, მათ შორის დაფინანსების მხრივ. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო - 5 540 ლარის ოდენობით. პოლიტიკური ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოიყოფა სამუშაო ფართობი.

ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, ჯგუფში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი კი განისაზღვრება ჯგუფის წარმომადგენლობის პროპორციულად და ფრაქციის ანალოგიურად.

ამ ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის, მათ შორის ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის ოდენობა თვის განმავლობაში მოიცავს 10 890 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის 726 ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს.