საზოგადოება
ამერიკელი პოლიტილოგები საქართველოს დასავლური კურსიდან გადახვევაზე საუბრობენ

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ამერიკელმა პოლიტოლოგებმა სვანტე ე. კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტებისა და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესს წერილი გაუგზავნეს, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, რომ შეიმუშაოს „პოლიტიკა, რათა შეჩერდეს საქართველოს გადახვევა დასავლური კურსიდან“ და სთავაზობენ ნაბიჯებს „საქართველოში გაუარესებული სიტუაციის გამოსასწორებლად“. პოლიტოლოგების წერილი „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.

კორნელი და სტარი აცხადებენ, რომ „აშშ-მა საქართველოში გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას“ და „საქართველოს უმდიდრეს ადამიანს“, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის მთავარ პრობლემად ასახელებს. მათი თქმით, ივანიშვილი ძალაუფლება მიიტაცა და ახლა საქართველოს ანტიდასავლური მიმართულებით აბრუნებს მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა დასავლური ინტეგრაციის ნება გამოხატა. ამას შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს, აცხადებენ პოლიტოლოგები.

მათივე თქმით, ნათელია, რომ ივანიშვილი ევრო-ამერიკულ ორიენტაციას მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, ვინაიდან ის სტანდარტები, რომლებსაც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს დაუწესებს, ქართულ სახელმწიფოზე მის შემდგომ კონტროლს შეუძლებელს გახდიდა“.

კორნელმა და სტარმა ხაზი გაუსვეს, რომ მოსკოვისკენ სწრაფვა, რამაც „ღრმად შეაღწია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში“, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუტიას, ისე მისი ხალხის ნებას. ავტორები იხსენებენ აშშ-ის ელჩზე უხეშ თავდასხმებს, 2018 წელს წინა ელჩის კანდიდატურის უარყოფას, მმართველი პარტიის მტრულ რიტორიკას, საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობაში დასავლეთის დადანაშაულებას, ასევე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების ცოტახნისწინანდელ მცდელობას.

ავტორებმა აღნიშნეს, რომ „საქართველოს განვითარების ახლანდელი ტრაექტორია არამყარია“ და საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ ბოლო ორ ათწლეულში მიღწეულ პროგრესს; მათ ხაზი გაუსვეს, რომ მოსკოვს კვლავ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები, თუნდაც იმისთვის, რომ „უკრაინაში ყველა წარუმატებლობისგან ყურადღება სხვაგან იქნას გადატანილი“. ამიტომ, ავტორები რიგი რეკომენდაციებით გამოდიან.

პოლიტოლოგების რეკომენდაციები რიგ ძირითად საკითხებს მოიცავს. მათ შორისაა: 2024 წლის არჩევნების სამართლიანობა; პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი; ბიძინა ივანიშვილის დომინირება ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში; ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაგრძელება.

რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, „აშშ-მა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ მისი მომავალი ურთიერთობა საქართველოსთან ამ არჩევნების ჩატარების პროცესზე იქნება დამოკიდებული“. იმ სიტუაციაში, როდესაც როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური ძალაუფლება ივანიშვილს კონტროლქვეშაა, „აშშ-მა უნდა მოითხოვოს სამართლიანი საარჩევნო პროცესი, როგორც ამას წარსულში აკეთებდა“.

წერილის ავტორები ურჩევენ აშშ-ს გააღრმაოს ისეთი შემზღუდვები ზომები, როგორიც ცოტა ხნის წინ ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ისინი ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ მმართველი პარტიისგან „ფორმალურად გამოყოფილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოეთი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ავტორებზე მოხდეს ფოკუსირება“. წერილში ასევე საუბარია „ანტიდასავლური პროპაგანდისტი არხის POSTV-ისა და მისი მფლობელის, ვიქტორ ჯაფარიძის“ შესახებ. თუ ვერ დავინახავთ გაუმჯობესებას, სანქციები ივანიშვილის გარემოცვას და საბოლოოდ, თავად ივანიშვილსაც უნდა შეეხოს“, – ნათქვამია წერილში.

კორნელი და სტარი აცხადებენ, რომ საქართველოში მკაფიოდ ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობა და მოუწოდებენ აშშ-ს, რომ უფრო აქტიურად მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში და ეს მოთხოვნა აშშ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის პირობად წამოაყენოს.

სხვა ზომებთან ერთად, ავტორები აშშ-ს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკავშირთან უკეთესი კოორდინაციისკენ მოუწოდებენ და „პრეზიდენტის წარმომადგენლის“ დანიშვნას ურჩევენ, რომელიც ამერიკის მაღალი რანგის წარმომადგენელი იქნება, რომლის მისიაც შემდგომი ანტიდასავლური და არადემოკრატიული ინიციატივების პრევენცია იქნება, რომელიც 20224 წლის არჩევნების სამართლიანობას უზრუნველყოფს და პირდაპირი კომუნიკაცია ექნება ქართველ ხალხთან.