საზოგადოება
ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოზე გამართულ მოსმენაზე ქართული ოცნება გააკრიტიკეს

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ადამ ჰოლოვეიმ 27 აპრილს პარლამენტში გამართული დებატების დროს, რომელიც საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას მიეძღვნა, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და მას „პროპუტინისტური, პრორუსული ჯგუფი“ უწოდა, რომლის ხელმძღვანელობამაც, შესაძლოა, საქართველო რუსულ მარიონეტად აქციოს გლობალური უსაფრთხოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან რეგიონში“.

ადამ ჰოლოვეის თქმით, „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ის პროდასავლური და დემოკრატიულია, თუმცა „ის არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მიმართ დადებითადაა განწყობილი და სულ უფრო მეტად კონტროლდება რუსეთის ხელისუფლების მიერ. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „მნიშვნელოვან კონტროლს ახორციელებს საქართველოს ინსტიტუტებზე“, არის ოლიგარქი, რომელმაც ფული რუსული გარიგებებით იშოვა“ და, „სავარაუდოდ, საკუთარი სიმდიდრე ხმებისა და საქართველოს მთავრობაში ერთგული ადამიანების საყიდლად გამოიყენა“.

ბრიტანელმა დეპუტატმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში „გამეფებულ“ კორუფციზეც, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ გამოაშკარავდა. იგი ასევე შეეხო პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და განაცხადა, რომ იგი „მოცემულ მომენტში საავადმყოფოში კვდება“ და რომ დამოუკიდებელმა ექიმებმა დაადასტურეს მის სისხლში მძიმე ლითონებით მოწამვლის კვალი.

ქართველი ხალხის პროევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, ადამ ჰოლოვეიმ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც პროევროპულობას და პროდასავლურობას იბრალებს, „მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმების შესრულებას“. მან „ქართული ოცნება“ იმის გამოც გააკრიტიკა, რომ პარტიამ „უკრაინისადმი მხარდაჭერის საბოტაჟი მოახდინა, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უზარმაზარი რაოდენობით წავიდნენ რუსული შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად“. ჰოლოვეიმ მმართველი პარტია რუსეთთან ვაჭრობის გაფართოების გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ძირს უთხრის დასავლურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ და „თბილისს მოსკოვთან აახლოვებს“.

ბრიტანელმა დეპუტატმა ასევე გაიხსენა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გეგმები „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობის შესახებ და აღნიშნა, რომ კანონი 2012 წელს მიღებული „პუტინის კანონის“ იდენტურია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველი ხალხის პოლიტიკურ თავისუფლებებს და რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა „უნდა შეუერთდეს ამერიკელებს სანქციების დაწესებაში არა მხოლოდ კორუმპირებულ მოსამართლეებზე, არამედ ივანიშვილსა და სხვა პასუხისმგებელ ოლიგარქებზე“. მისივე თქმით, უკრაინამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე მოითხოვეს ასეთი სანქციების დაწესება.

მან მოუწოდა ბრიტანეთის მთავრობას „დიპლომატიური კამპანია აწარმოოს იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ ნორმებს“ და ასევე დაგმოს „ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური და სამართლის გარეშე მოპყრობა…“

დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს შემდეგი არჩევნები ჩატარდეს დროულად 2024 წელს და რომ მას მიუკერძოებელი დამკვირვებლები დააკვირდნენ“.

ადამ ჰოლოვეიმ ასევე ისაუბრა ქართველი ხალხის აბსოლუტურ მხარდაჭერაზე ნატოში ინტეგრაციისადმი და განაცხადა, რომ თუ დასავლეთი შეაჩერებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ეს მხოლოდ რუსეთის გრძელვადიან ამბიციებს დაეხმარება“. მან აღნიშნა, რომ წარსულში, საქართველო ერთხელ უკვე მიატოვეს და გაიხსენა, რომ ბრიტანული არმია საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებლობის დროს იყო განლაგებული, მაგრამ ქვეყანა 1920 წელს დატოვა, რასაც რუსეთის მე-11 არმიის საქართველოში შემოჭრა მოჰყვა. ჰლლოვეიმ თქვა: ქართველ ხალხს ახსოვს ეს მიტოვება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომები დღეს“. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ჩვენს გვერდით იდგა და სისხლი დაღვარა ჩვენი მიზნების მხარდასაჭერად“. ამ კონტექსტში, მან ავღანეთში ნატოს ძალებში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

მოსმენის დროს, დეპუტატებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, შიდა ვითარება, პოლიტიკური ძალების პოლარიზაცია, საქართველოს დახმარების აუცილებლობა მედეგობის მშენებლობასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში, ასევე ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში. დებატებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო რეფორმების მიმართ.