„უკვე ავტოსერვისის ხელოსნადაც მაქციეს!“ - განაწყენდა ედუარდ შევარდნაძე „ასავალ-დასავალში“ ჩემს პუბლიცისტურ წერილზე „რაზვალი და ბალანსი“, რომელშიც ვხუმრობ, რომ ბაბუმ ჯერ საბჭოთა ჯავშირს ხელოვნურად „რაზვალი“ გაუკეთა, ხოლო საქართველოში დაბრუნებული, ბალანსირებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. გერმანიის გამაერთიანებელს დასაბალანსებლად 11 წელი მისცეს - 1992 წლიდან 2003 წლამდე, შემდეგ კი „სახლ-ში“ გაისტუმრეს...
21 აპრილს 11 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან (2012 წლიდან 2023 წლამდე) და მას აშშ-სა და რუსეთს შორის ბალანსირება აეკრძალა. პრემიერი ღარიბაშვილი საქმის გასარჩევად ბრიუსელშიც კი დაპატიჟეს, თუმცა, ბალანსირებისთვის, ყველაზე მცირე, საჭიროა ორივესთან დიპლომატიური ურთიერთობის ქონა, რაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 15 წელია შეწყვეტილია. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებას გულუბრყვილოდ სურდა შეუთავსებლის შეთავსება - ევროატლანტიკური კურსისა და რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის, თუმცა, ისინი უკვე ვეღარ აკავებენ ამ „მაკრატლის“ წვერებს, რომლებიც უფრო და უფრო იშლება. „ქართული ოცნების“ იდეალისტები არჩევანის წინაშე დააყენეს - ან შევარდნაძესავით წასულიყვნენ „სახლ-ში“, ანდა „მაკრატლის“ ერთ წვერს ხელი გაუშვან. გასაგებია, რომელსაც - რუსულს, რაზეც ცალსახად მიუთითეს საქართველოს მთავრობის მეთაურს 25 აპრილს ნატოს შტაბ-ბინაში.
ეს ნიშნავს საქართველოს მონაწილეობას დასავლეთის გლობალურ კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას ნატოსა და უკრაინის მხარეზე. ასევე ანტირუსულ სანქციებში სრულ ჩართვასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პრიორიტეტის განხორციელებას, რაც გულისხმობს: რეპრესიებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, მეცენატი და მილიარდერი ივანიშვილის წინააღმდეგ - რუსეთის ბიზნეს-წრეებში მისი ავტორიტეტის გამო ("დეოლიგარქიზაცია"); საქართველოში დასავლეთის მთავარი აგენტების - პროპაგანდისტული ტელეკომპანიის გენდირექტორის გვარამიასა და ექს-პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებას (მათ უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს), რომლებმაც საქართველო უცხოური გავლენის ადგილობრივი აგენტების ქსელით დაფარეს, რამაც დასავლურ სპეცსამსახურებს თავიდან ააცილა აქ ფართო რეზიდენტურის გაშლის საჭიროება; კოალიციური მთავრობისა და კოალიციური სასამართლო სისტემის შექმნას – უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით და რადიკალური ოპოზიციის „პროტეჟე“ მოსამართლეთა კვოტების შემოღებით („დეპოლარიზაცია“).
სტოლტენბერგის შეხვედრა ღარიბაშვილთან იყო ბოლო გაფრთხილება „ქართული ოცნების“ მბრძანებლებისთვის, რომლებსაც სურთ საქართველოს გაწევრება ევროკავშირსა და ნატოში, მაგრამ არ სურთ ევროატლანტიკური ეგზისტენციალური ღირებულებების გაზიარება, რომელთაგან მთავარია არა ჰომოსექსუალიზმი, არამედ რუსეთთან დაპირისპირება! ეს იყო ბოლო გაფრთხილება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების, ევროდეპუტატებისა და ერთიმეორის მიყოლებით თბილისში ჩამოსული ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანალოგიური მოთხოვნები ყურად არ იღო. ეს იყო ბოლო გაფრთხილება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოში მოქმედი მაღალანაზღაურებადი დასავლური აგენტების - მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ლუსტრაცია. ეს იყო ბოლო გაფრთხილება 7-9 მარტის დაშინების აქციის შემდეგ - "მოლოტოვის კოქტეილებით" და ვაშინგტონიდან განხორციელებული ზარით, რის შედეგადაც პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" უკან იქნა გაწვეული. ეს იყო ბოლო გაფრთხილება მას შემდეგ, რაც ოთხი ქართველი მოსამართლე დემონსტრაციულად მტკიცებულების გარეშე მოექცა აშშ-ის სანქციების ქვეშ, მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის ანტიპათიების საფუძველზე.
მკითხველის ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე მესიჯზე სტოლტენბერგის ლაკონური გამოსვლიდან პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ამ შეხვედრის ფონის შესაქმნელად, იმავე დღეს, 25 აპრილს, საქართველოში სპეციალურად გამოქვეყნდა USAID-ის მიერ დაფინანსებული IRI-ის „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის“ - ვაშინგტონში დაწერილი და თბილისში ქართულად ნათარგმნი ფეიკის - შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას თითქოსდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება სურს, უკმაყოფილოა ხელისუფლებით და მტრად თვლის რუსეთს და რუსებს. ხოლო სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის პარალელურად, დემონსტრაციულად მიიწვიეს 7-9 მარტის უცხოეთის აგენეტების არშემდგარი რევოლუციის ლიდერები – “Gen Z” თაობის წარმომადგენლები, რომლებიც საპნით დაბანეს და გამოაწყვეს კოსტიუმებში “ქართული ოცნების” გასაფრთხილებლად: "ესენი ჩვენები არიან, საქართველოს მომავალი ხელისუფლება, მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასე რომ, ჭკვიანად იყავით!"
დავუბრუნდეთ სტოლტენბერგს და მის მიერ გაჟღერებულ კოლექტიური დასავლეთის განაჩენს საქართველოსა და „ქართული ოცნების“ შესახებ.
გენმდივანმა საქართველოს ნატოს უახლოესი პარტნიორი უწოდა და ამავდროულად აღნიშნა, რომ „უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების შესაბამისად და ნატო ელის, რომ ყველა მისი პარტნიორი მხარს დაუჭერს უკრაინის ამ მიზანს“. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც ნატოს უახლოეს პარტნიორს, მოეთხოვება არა მხოლოდ უკრაინის იარაღით მხარდაჭერა, რაც საქართველოს თავისთვისაც ძალიან ცოტა აქვს, არამედ სამხედრო მოქმედებებში ჩართვაც ქართული არმიის ძალებით.
სტოლტენბერგი: „ჩვენ ვთქვით, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის გვერდით დგომა. ნატო უკრაინის გვერდით დგას - დღეს და რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია ტოქსიკური სქემაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“. ანუ, გენერალურმა მდივანმა მიანიშნა, რომ დროის გაჭიანურება, რათა განზე გადგეს, საქართველოს აწი აღარ გამოუვა - აქაოდა, ომი მალე არ დასრულდებაო. გარდა ამისა, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაეჩვიოს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე ექსპორტს, რუსული მარცვლეულისა და ენერგომატარებლების იმპორტს, რუს ტურისტებსა და ინვესტიციებს - ყველაფერს, რაზეც დგას საქართველოს ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი, რათა ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს.
სტოლტენბერგმა გამოხატა მოკავშირეების სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ნატოს მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ანუ თუ საქართველო თავს დაესხმება რუსულ ბაზებს აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ნატო მას მხარს დაუჭერს პრაქტიკულად - შეიარაღებით, რადგან ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ომი, არამედ საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ომში - მეორე ფრონტის გახსნა.
სტოლტენბერგმა იქვე აღნიშნა: „ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმების გასატარებლად და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად. სწორედ ამიტომ მივესალმები უცხოეთის გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევას, რომელიც შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან“. „ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, - თქვა სტოლტენბერგმა, რომელიც, როგორც ჩანს, გულისხმობდა იმავე დღეს საგანგებოდ გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ IRI - USAID-ის ცრუ გამოკითხვას, - რომ მას სურს დემოკრატიული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა". ანუ, საქართველოში არ უნდა განმეორდეს უცხორის აგენტების შესახებ კანონის ინიცირება და გეი-აღლუმების დაშლა. სტოლტენბერგმა „ქართულ ოცნებას“ მკაცრად მიუთითა, რომ, ერთის მხრივ - ჰყავდეს პროდასავლელი პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი და, მეორეს მხრივ, პრორუსული პარტია-ფრაქცია „ხალხის ძალა“, თავად კი იყოს ნეიტრალური არბიტრი, ასეთი ბალასირება მეტი აღარ გამოუვა. სტოლტენბერგმა გაიხსენა ის როლი, რომელიც ნატო-მ საქართველოს დააკისრა შავი ზღვის, როგორც წამსვლელი გენმდივანი იმედოვნებს, „ევროატლანტიკურ რეგიონში“, თუმცა უნდა ესმოდეს, რომ ნატოს „რაზვალი“, როგორც ამვროსიევიჩმა სსრკ-ს გაუკეთა, გარდაუვალია!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2023 წლის 26 აპრილი
საქართველო, თბილისი