საზოგადოება
ეროვნული ბანკი: 2023 წლის მარტში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 275 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 137 მლნ დოლარით გაიზარდა

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 412.20 მლნ ლარით, ანუ 0.93%-ით გაიზარდა და მარტის ბოლოს 44.87 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.08 მლნ ლარით, ანუ 1.12%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 137.12 მლნ ლარით, ანუ 0.69%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2023 წლის მარტის ბოლოს~ კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.39 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 12.46 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვეს 1.07%-ით აღემატება.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მარტის განმავლობაში 1.03%-ით, ანუ 246.27 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსთვის 24.08 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის მარტის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.45 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით.