საზოგადოება
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების დეფიციტს ეხმიანება

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ბაზარზე მედიკამენტთა რაოდენობისა და ასორტიმენტის შემცირების შესახებ მომხმარებლებთა ჩივილს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია 15 აპრილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემცირება გამოწვეული იყო თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდების შეზღუდვით. ასოციაციის განმარტებით, ადგილობრივ ბაზრებზე ფარმაცევტული პროდუქტების მიმოქცევის შესახებ შეზღუდული მონაცემები ასეთი ინფორმაციის რეგისტრაციის შესაბამისი პროგრამის არარსებობით იყო გამოწვეული.

ასოციაციამ აღნიშნა, რომ თურქული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ფარმაცევტულ ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი. ასოციაციის თქმით, სწორედ მათი წარმომადგენლები იყვნენ თურქული ბაზრის გახსნის ინიციატორები, რაც, მათ საშუალებას აძლევთ ობიექტურად შეაფასონ სიტუაცია. ასოციაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში“.

ფარმაცევტული ასოციაციის წევრების ინფორმაციით, თურქული მომწოდებლების მხრიდან გარკვეული მედიკამენტების მიწოდებაზე შეზღუდვებია როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის კუთხით. ეს შეზღუდვები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აისახება ადგილობრივ ბაზარზე. მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე“, – განაცხადა ასოციაციამ და აღნიშნა, რომ მოწოდებულია თავიდან აიცილოს სხვადასხვა დაწესებულების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების (№9/ნ) თანახმად, კომპანიებს დაუწესდათ ფარმაცევტული პროდუქტების მიმოქცევასთან დაკავშირებით ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების ვალდებულება. თუმცა, ამისთვის არცერთი უნივერსალური პროგრამა (მაგალითად, როგორიცაა RS) არ არის შემუშავებული და შემოთავაზებული სექტორისთვის. ასოციაციამ განაცხადა, რომ მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად“. ასოციაციამ ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ მეწარმეებისთვის გაცემული გამაფრთხილებელი ოქმები შეიძლება საჯარიმო სანქციების წინაპირობა გახდეს. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება“, – დასძინა ასოციაციამ.

საკითხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს არც თურქეთში და არც თურქეთიდან მედიკამენტების შემომტანი კომპანიების მხრიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმპორტი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება და მარტში თურქეთიდან მედიკამენტთა იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც აპრილშიც გეგმის მიხედვით გაგრძელდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ერთადერთი ცვლილება იყო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების მინიმალურად გაძვირება, რაც მხოლოდ დეკემბერში მოხდა რამდენიმე კონკრეტული მედიკამენტის, ძირითადად ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარების გამო.

უნივერსალურ პროგრამასთან დაკავშირებით მან ისიც განმარტა, რომ მონაცემთა ბაზები იანვრიდან ფუნქციონირებს და საქართველოში არსებული 4-5 სააფთიაქო ქსელიდან ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელი სრულად არის ჩართული მონაცემთა ბაზების მეშვეობით ინფორმაციის გაცვლაში. მისივე თქმით, სამინისტროს მიზანია ქვეყანაში ჩამოაყალიბოს გამჭვირვალე ფარმაცევტული ბიზნეს სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას და თავიდან აიცილებს ხელოვნურ დეფიციტს და ფასებზე მანიპულირებას.