საზოგადოება
გიორგი ცაგარეიშვილი: სააკაშვილის ოჯახის ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს - დაიწყეს მისთვის ჯილდოების შეგროვება მთელს მსოფლიოში

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ბოდვითი თეორია ჩაფლავდა და ლიმბახის დასკვნის საფუძველზე ამას წერტილი დაესვა, სააკაშვილის ოჯახმა, ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს - დაიწყეს მისთვის ჯილდოების შეგროვება მთელს მსოფლიოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ოჯახებისთვის, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფიზიკურად და მორალურად განადგურდა, ვერავითარი შვება იქნება, მას ორ ჯილდოს მიანიჭებენ თუ - ათს.

მისი შეფასებით, „საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის სააკაშვილი“.

როგორც ჩანს, ამ პრიზებს პალატაში განათავსებენ, რათა ეს ადამიანი იმ ცრუხიბლით დატკბეს, რომელშიც 2004 წლიდან არის ჩავარდნილი. სააკაშვილი საკუთარი თავისგან სწორუპოვარ გმირს ქმნიდა და თავი მართლა პრომეთე ეგონა, რომელიც ჯერ თამარ მეფის ხიდთან მიაჯაჭვა, ხოლო შემდეგ მოიპარა და ბორჯომში გადახვეწა. ახლა ვარშავიდან მისი მშობელი ჯილდოდ ჩამოუტანს. ამით მისი კასტის და დაჯგუფების წევრები სავარაუდოდ, გაიხარებენ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს“ ჯილდო გადასცა. ჯილდო სააკაშვილის დედას გიული ალასანიას გადასცეს. ცერემონია ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.