რელიგია
მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი აღნიშნა

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. მართლმადიდებელმა ეკლესიამ 13 აპრილს დიდი ხუთშაბათი აღნიშნა. ამ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ჩატარდა. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხეს. მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით დაესწრო, რომლებიც შემდეგ სახლში წაიღეს.