პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის შეხვდა

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები იყო ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუიარ ოსმანის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებიც ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან არის გაცხადებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეუთო-ში ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენელი იგორ ჯუნდევი, ეუთო-ში ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ადელინა მარკუ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.