საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჯილდოებისთვის თანხა სააკაშვილის ოჯახს გადაეხადა.
"ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება უკვე აღარ მიკვირს, რადგან ვიხილეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი დაჯილდოება. თუ მსგავსი ტიპის ჯილდოს მოველით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რადგან მას მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვს, რომ ეს ჯილდოებიც ნაყიდი იყოს, როგორც ნაყიდი იყო ის ფალსიფიცირებული კამპანია, რომელიც აგორდა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ჯილდოებისთვის მესამე პრეზიდენტის ოჯახმა ფული გადაიხადა", - განაცხადა სეფაშვილმა.
14 აპრილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილს ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.