წინა პუბლიკაციაში ვამხილე ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ტყუილი, თავი მშვიდობის მტრედად რომ მოაქვს - როგორც გაირკვა, აშშ და მისი ევროპელი ვასალები ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე აფრთხილებდნენ საქართველოს, რომ მზად უნდა ყოფილიყო „მეორე ფრონტის“ გასახსნელად რუსეთის წინააღმდეგ.
დღეს ნება მიბოძეთ მკითხველს შევახსენო საქართველოს „დასავლელი პარტნიორების“ სხვა სიტყვები, რომლებიც სპეციალურად იმდენგერ გაიმეორეს, რომ მიგვაჩვიეს (საუკეთესოდ რამის დამალვა თუ გინდა, ზედაპირზე უნდა დატოვო!), რათა ვინმეს აზრად არ მოუვიდეს ცოტა ღრმად ჩაძიება მათ მნიშვნელობაზე.
მაშ ასე: „დეპოლარიზაცია“ - სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ თუ ქართველი საზოგადოება ორ შეურიგებელ ბანაკად გაიყო, რასაც ყოველდღე გვსაყვედურობენ, მაშასადამე, ერთი ნახევარი უკმაყოფილოა აშშ-ისა და მისი ევროპელი ვასალების ჰეგემონიით და თუ ამ უკანასკნელთ ნამდვილად უნდათ, რომ ქართველები გაერთიანდნენ, მაშინ მათ, ანუ აშშ-მა და მისმა ევროპელმა ვასალებმა, უნდა დატოვონ საქართველო! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი საზოგადოების ორი დაპირისპირებული ნაწილიდან ერთმა უნდა დატოვოს საქართველო, სხვაგვრად დეპოლარიზაცია არ გამოვა.
შეკითხვა: ქართველი საზოგადოების რომელი ნაწილი უნდა წავიდეს ემიგრაციაში, ან უბრალოდ გაჩუმდეს - პროდასავლური თუ პრორუსული?
პასუხი: რა თქმა უნდა, უმცირესობამ უნდა მიიღოს უმრავლესობის ნება! იქიდან გამომდინარე, თუ რა პროპორციით არიან წარმოდგენილნი ხალხის რჩეულები საქართველოს პარლამენტში, და რომ საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო უმრავლესობას პრორუსულს უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ პროდასავლურები ან უნდა გაჩუმდნენ, ან ემიგრაციაში წავიდნენ დასავლეთში, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინაპრები გაიქცნენ იქ 100 წლის წინ. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, ორმილიონიანი საქართველო ქართველებმა, თუნდაც დასავლური გავლენის აგენტებმა, კი არ დატოვონ (იქნებ,როდისმე ჭკუაზე მოვიდნენ!), არამედ აშშ-მა და მისმა დასავლელმა ვასალებმა, როგორც, მაგალითად, ავღანეთიდან გაექცნენ.
ჯიდევ ერთი „ზედაპირზე დატოვებული საიდუმლო“: რატომ არის აშშ ასე დაინტერესებული, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რასაც ამერიკელი ელჩი ყოველდღიურად იმეორებს? რატომ „ეხმარება“ აშშ საქართველოს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პირობის შესრულებაში, რომელთა შორისაც არის „დეპოლარიზაცია“ და „დეოლიგარქიზაცია“?
საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომის პროვოცირებით და ევროკავშირის იძულებით მასში მონაწილეობა მიიღოს - გაუგზავნოს კიევს იარაღი და შეუერთდეს ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს - აშშ-მა გაანადგურა ევროპული ეკონომიკა, წაართვა ევროპას იაფფასიანი რუსული ენერგომატარებლები ძვირადღირებული ამერიკულის სასარგებლოდ. ამიტომ, აშშ-ს სურს საქართველო დაინახოს ევროპის გაჭირვებულ ქვეყნებს - თავის ვასალთა შორის, რათა ის არ გახდეს რუსეთის სრულუფლებიანი პარტნიორი და, შესაბამისად, არ აყვავდეს ქართული ეკონომიკა. მაშინ ხომ ის დამოუკიდებელი გახდება ამერიკული „დახმარებისგან“ - ფულადი მოწყალებისგან, რომელსაც საქართველო ნარკოტიკივით შეაჩვიეს ბოლო 30 წლის განმავლობაში.
და ვინ არის საქართველოსა და რუსეთის სრულფასოვანი ეკონომიკური პარტნიორობის უმოკლესი „ხიდი“?
სწორია, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდხანს წარმატებით ეწეოდა ბიზნესს რუსეთში! ამიტომ უნდათ ამ „ხიდის“ „დანგრევა“ - ივანიშვილის იძულება საქართველოდან წავიდეს, სწორედ ამაში მდგომარეობს „დეოლიგარქიზაციის“ აზრი!
დაბოლოს მთავარი: ევროკავშირმა, ნაცვლად იმისა, რომ დღეს საქართველოს 12 პირობა დაუყენოს და კანდიდატის სტატუსით დააშანტაჟოს, საქართველოს უნდა ევედროს, გაწევრდეს მის რიგებში, თანაც - მაშინვე წევრად და არა კანდიდატად! იმიტომ, რომ ევროკავშირის მომავალი საქართველოზეა დამოკიდებული:
- საქართველო საკვანძო ქვეყანაა რუსეთის გვერდის ავლით ერთადერთი „შუა დერეფნის“ მარშრუტზე, რომლის გავლითაც ევროპაში შევა საქონელი ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან;
- საქართველო არის ქვეყანა, რომლის გავლითაც შავი ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანიდან მიმავალი კაბელი ევროპას განახლებად ენერგიას მიაწვდის, რაც მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი იქნება.
აი მხოლოდ ორი მიზეზი, რის გამოც ევროპა დაინტერესებულია, რომ საქართველო ევროკავშირში რაც შეიძლება ჩქარა გაწევრიანდეს! მაგრამ ამას თავხედურად მალავს და აქეთ გვახვეწნინებს...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2023 წლის 11 აპრილი
საქართველო, თბილისი