საზოგადოება
„რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს?!“

gza5დაუნახაობა იქნებოდა, არ აღნიშნო ის დიდი მშენებლობები, რომლებიც ალამაზებს და ამშვენებს თბილისს. იგება ახალი გზები, შენდება ახალი გვირაბები... ერთი სიტყვით, თბილისი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, დღითიდღე იზრდება, ვითარდება და მშვენდება. ჩვენ თვალწინ იქმნება თანამედროვე თბილისის ისტორია. ამ მშენებლობებზე ბევრი მადლიერებით ისაუბრებს, ბევრს საქილიკო არ გამოელევა, თუმცა, მოდი, მედლის მეორე მხარეც ვნახოთ.

ამჯერად საქინფორმი დიდ დიღომში მცხოვრებთა აზრს შემოგთავაზებთ.

ნონა დარახველიძე (სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი):

– დასახლების პირველი ბინადარი ვარ. როგორ არ აღვნიშნო, ამ 20-22 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. დამშვენდა და გალამაზდა, დაიგო ასფალტი. მე სამსახური აქვე მაქვს, მაღაზიაში ვმუშაობ და თითქმის ყოველდღიურად ვხედავ, გარეთ რა ხდება. თუმცა დასახლების მშენებლობის დაწყებიდანვე ერთი დიდი ხარვეზია დაშვებული. ამას ყველაზე მეტად დიდი წვიმების დროს ვგრძნობთ ხოლმე. მიუხედავად ვაკე ადგილისა, წვიმების დროს ამ ახალდაგებულ ასფალტზე ზემო კვარტლებიდან დიდი ნიაღვარი მოდის გზის მთელ სიგანეზე. მე კიდევ არა მიშავს, აქვე ვცხოვრობ და ხშირად ბოტებიც ჩამიცვამს და ისე გადმოვსულვარ სამსახურში. რა ქნან იმ მოსამსახურეებმა, რომლებსაც ამ ნიაღვარში გაჩერებაზე უწევთ ავტობუსის ლოდინი და თანაც ქალაქში არიან სამსახურში წასასვლელნი? ეს პრობლემა ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ სანიაღვრე ჭები ჯერაც არ გაკეთებულა. ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია, აქვე „გუდვილია“, რომელსაც უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ და წვიმის დროს მათი მანქანები „უსაფრთხოების კუნძულად“ წოდებულ შუა გაზონზეა შეფენილი. ზემოდან ჩამონადენი მთელი ეს წყალი დაბლა გროვდება. მე მაგალითად, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაცვლად მრცხვენია.gza1

კოტე ქარაბაკი (სპორტსმენი):

– სიახლეები სულ ორი-სამი წლის ამბავია. თავდადებულის ქუჩა მიყრუებული სოფლის ორღობესავით იყო, გადათხრილ-გაუბედურებული. ამ ქუჩაზე ერთადერთი ტრანსპორტი მოძრაობდა და მოძრაობს (ავტობუსი მოხსნეს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მგზავრების ნაკლებობას განიცდიდა, როგორც ოფიციალურად განაცხადეს). რას წარმოვიდგენდი, ახლა ისეა ეს ქუჩა მოასფალტებული, რომ ხანდახან, პატრული რომ არ უშლიდეს, რალიც მშვენივრად იმართება ხოლმე ღამღამობით. კარგია, რომ ამ გზებს ალამაზებენ, მაგრამ, რატომღაც, ეს სამუშაოები მაინცადამაინც არჩევნებს უკავშირდება. ისე, გზებს რომ აგებენ, ხანდახან ამ ორ ქუჩას შორის განლაგებული კორპუსების შიდა ბილიკებზეც რომ შემოიხედონ, არ აწყენთ. რაც თავი მახსოვს, ეს შიდა გზები კომუნისტების მერე არც დაგებულა. არადა, უკვე დამეწყრილია და ალაგ-ალაგ ჩაცვენილი. ჭირს გადაადგილება. განსაკუთრებით, ზამთარში, წვიმა და თოვლი რომ ეფარება, ვერ გრძნობ და შეიძლება, ფეხს რომ თავი დაანებო, კისერიც მოიტეხო.

საუბრის დროს ბავშვები შემოგვიერთდნენ ყიჟინით.

ნანა გოგოლაძე, სოსო მეფარიშვილი, გაგა კალანდია, ზაზა ბელთაძე, ლევან მირცხულავა (მოსწავლეები): – ჩვენ ამ გზით დავდივართ სკოლაში. უჰ... წვიმის დროს დედა ცალკე გვეჩხუბება და მასწავლებელი – ცალკე, ტალახში ისეთი ამოსვრილები მივდივართ. არადა, რა ვქნათ, ეს ერთი გზაა სკოლისკენ მისასვლელი. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მეორე გზით ვერ წავალთ – დიდ გუბეზე უნდა გადავიაროთ და მთელი დღე ფეხები სველი გვქონდეს, თუმცა ტალახში მაინც ამოვიგანგლებით. ახლა კიდევ რა გვიჭირს, არდადეგებია, მაგრამ სექტემბერიც ხომ მოვა?!gza2

საუბრის თემა მოხუცმა ქალბატონმა განაგრძო, რომელიც ხელჯოხზე დაყრდნობილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. მან თავი შეიკავა საყვედურების თქმისგან, თუმცა თავისი გულისტკივილი მაინც გაგვანდო:

მარიამ დ. (პენსიონერი):

– ძლივს დავდივარ. ვცდილობ, სხვები არ შევაწუხო და თვითონ გამოვიდე პროდუქტებისთვის, მაგრამ თოვლსა და წვიმაში სახლში ვზივარ. მარტო ვარ. მეზობლები მეხმარებიან (რესპონდენტი ბავშვები ქალბატონ მარიამს იცნობდნენ და გვითხრეს, რომ პეტრიწის ქუჩაზე სკოლის შენობაში განთავსებული „სააკაშვილის სასადილოდან“ მარიამ ბებოსთვის ბევრჯერ მოუტანიათ ყოველდღიური ულუფა). აქ ისეთი ტალახი და გუბეებია, მე ვერ გადავალ. ამიტომ წინასწარ ვიზღვევ ხოლმე თავს... ისე, რა გაუჭირდათ ასეთი, ეს პატარა გზა რომ ვერ დააგეს, ხანდახან რომ მაინც გამოვიდე გარეთ და სხვის იმედად არ დავრჩე?!

მაია დ. (დიასახლისი):

– სასიხარულოა, რომ კორპუსის წინ პატარა სკვერი გაგვიკეთეს, ძელსკამები და საქანელები დადგეს, პატარაც ხშირად ჩამომყავს სასეირნოდ, მაგრამ საოცარია; ბორდიურს გარეთ ჩამოქცეული ბილიკი რომაა და ასფალტიც აყრილია, ბავშვი სკვერამდე როგორ მივიყვანო? საბავშვო ეტლით იქამდე ნამდვილად ვერ მიხვალ. ძალიან კარგად შეამჩნიეს, მაგრამ როცა ვიკითხე, მითხრეს, ჩვენ სკვერის შიდა პერიმეტრზე ვმუშაობთო.gza3

ნელ-ნელა დიდი დიღმის II კვარტალში მდებარე ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის მრევლი შემოგვიერთდა:

ნინელი კ.:

– მოსახლეობისა და მრევლის შეწირულობით შენდება ეს ტაძარი. ჯერ პატარა სამლოცველო იყო განთავსებული საბავშვო ბაღის შენობაში, ახლა მამა ლუკას ხელმძღვანელობით და უშუალო მუხლჩაუხრელი მუშაობით უზარმაზარი ტაძარი აშენდა. მრევლიც მრავალრიცხოვანია და ჩვენი მოძღვარიც ყველას გვიყვარს. ძალიან დიდი საქმე კეთდება. სანამ აირჩევდნენ, ჩვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძეც გვესტუმრა. თბილი საუბარი გვქონდა. მაგრამ ამდენი ხანი გავიდა და მე პირადად აღარ მინახავს. მაშინ ვესაუბრეთ ტაძრამდე მოსასვლელ გზაზე, ამ გზის განათებაზე, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. დეპუტატი ამ გზებს ვერც შეამჩნევდა, რადგან მხოლოდ თავიანთ დაგებულ ასფალტზე მოძრაობენ მანქანებით. ერთი მოვიდეს და ნახოს, ხალხი ფეხით როგორ დადის. კარგია დიდი ქუჩების მოასფალტება, მაგრამ ქუჩებს შორის კორპუსებში ხალხი ხომ ცხოვრობს, ფეხით ხომ უნდა გადაადგილდეს?! ხანდახან ისეთი „დიდდიღმური“ ამინდია, თუ სადმე მიდიხარ, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი უნდა წაიღო. ტაძარი ისეთ ადგილზეა, რომ მრევლი ახლომდებარე კორპუსებიდან იკრიბება, მისასვლელი გზები კი აუცილებლად შესაკეთებელია. რად მინდა ის დიდი გზა, ის ხომ ტაძრამდე არ მოდის? მოსახლეობა ისევ თვითონ ახერხებს რაღაცას – ხან ფიცარია გადებული გუბეზე და ხანაც სამშენებლო მასალების ნარჩენები ყრია, რომ ასკინკილით როგორმე გადავიაროთ. ესაა საქმე?!gza4

ეკატერინე მ.:

– ჩვენი კორპუსის ამხანაგობის მერიისადმი მიმართვას რამდენჯერმე მოვაწერეთ მეზობლებმა ხელი, რომ ეს ერთადერთი შემაერთებელი გზა პეტრიწისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მოასფალტებულიყო და განათებულიყო. გზის გაყოლებაზე ორივე მხარეს სპორტული მოედანი ააგეს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ გზა საშინლად აოხრებულია. როგორც კი შებინდდება, ფარნებით დავდივართ. მძარცველებს რომ გადავურჩეთ, ფეხის ღრძობას ვერ ავიცილებთ. ამ გზაზე „კალოშებით“ უნდა იარო, ამ მხრივ მოწყვეტილი ვართ ქალაქის ცივილიზაციას.

ემზარ გ.:

– ქალბატონმა აღნიშნა, რომ ჩვენი რაიონის დეპუტატი გიორგი მელაძე არჩევნებამდე ხშირად გვნახულობდა. ახლა ეს მელაძე რამ გაამგელა, ის როგორ თქვა, სოციალურად დაუცველებს ნაგვის გატანაში ნაკლების გადახდა მოუწევთო?! თითქმის უმუშევარი ვარ, მეუღლე ავადმყოფია, ხანდახან მაღაზიაში ვმუშაობ დამხმარედ. ორი არასრულწლოვანი შვილი გვყავს. ძალიან ეკონომიურად ვცხოვრობთ. შუქი, ძირითადად, სამზარეულოში გვინთია. ტელევიზორი გვაქვს, ძველი, შავ-თეთრი, ის კი გვაქვს ჩართული... დაბანას და გარეცხვას ცხელი წყალი სჭირდება. ძველი მაცივარი გამორთული მაქვს, ბევრს წვავს, შესანახიც არაფერი მაქვს. ყველაფერი ეს ყოველთვიურად 300 კილოვატს მაინც წვავს. ახლა ნახეთ, 15 ლარი ნაგავში უნდა გადავიხადო? მელაძეს თუ ჰგონია, რომ იმ ბაზაში დარეგისტრირებულებზე ნაკლებად გვიჭირს, ძალიან ცდება. ერთი მოვიდეს აქ და ახლა შეგვხვდეს. მაგათი აგენტები არიან სწორედ, 91 000 ქულა რომ მომანიჭეს – რაში? სკამი მე არ მივარგა, მაგიდა, საწოლი, კარებები ჩარჩოიანად ვარდება, სახლი სარემონტოა, სანტექნიკა და ელექტროკაბელები ნახევრად გაუქმებული და ერთმა შავ-თეთრმა ტელევიზორმა გამამდიდრა? ნაგავი სამ დღეში ერთხელ გამომაქვს... რატომ? გადასაყრელი არაფერი გვაქვს და იმიტომ – უნარჩენოდ ვჭამთ, თუ რამე გვაქვს: კიტრს გაუთლელად ახრამუნებენ ბავშვები, წვნიანს რა ნაგავი დაუგროვდება და ცარიელ პარკებში 15-20 ლარი ჩავდოთ და გადავყაროთ? ქუჩა მე არ მიწესრიგდება და ცხოვრება... მორწმუნე ვარ, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში არსებობას. გაჭირვებამ ბევრი სარწმუნოებიდანაც გადახარა. მრევლისგან ვიცი, ზოგიერთი რაღაც ახალ სარწმუნოებრივ დაჯგუფებაში გაერთიანდა, რომ ყოველდღიური ლუკმაპური ჰქონდეს... სირცხვილია... ეს არ უნდა გვემართებოდეს ამ სახელმწიფოში.

P.S. ეს გზა ტაძრამდე მართლა არ მიგვიყვანს, მაგრამ ტაძრამდე მისასვლელი გზა ჩვენ თვითონ უნდა მოვნახოთ. არადა, ამ გზის ძებნას შევალიეთ თაობების ნიჭი, ენერგია, შემოქმედებითი უნარი... სიცოცხლეც კი...

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“