პოლიტიკა
საარჩევნო სისტემაში ცვლილებები გამოიკვეთა

viboriმმართველმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციურ პარტიებთან – „ჩვენ თვითონ“, „საქართველოს დემოკრატიული პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ – გააფორმა შეთანხმება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობაში რიგი სხვა ცვლილებების განხორციელების თაობაზე.

ძირითადი დებულებები ამგვარად გამოიყურება:

– პარლამენტის რიცხოვნობა 190-მდე გაიზრდება;

– 83 მაჟორიტარი და 107 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა;

– მილიონ ლარს მიიღებს ყველა პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს;

– ლიახვისა და ახალგორის ოლქები, სავარაუდოდ, გაუქმდება;

სიებს სპეციალური კომისია გადაამოწმებს ოპოზიციონერის ხელმძღვანელობით;

– განხორციელდება მედიისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი;

– ცვლილებები განხორციელდება წელს, არაუგვიანეს ოქტომბრისა.

გარიგება, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში ჩართულმა ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უარყო, ეფუძნება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 24 ივნისს წარდგენილ წინადადებებს. თუმცა შეთანხმების საბოლოო ტექსტი ასახავს ცალკეულ ცვლილებებს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილში და მასში დამატებულია ზოგიერთი ახალი დებულებაც.

შეთანხმებით განსაზღვრული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება არა უგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა.

საარჩევნო სისტემა

შეთანხმების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190-მდე უნდა გაიზარდოს და აქედან 83 დეპუტატი აირჩეს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან; 107 წევრი კი – პროპორციული სისტემის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების მიღებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დასჭირდება.

ამასთან, არსებული 150-წევრიანი პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდას შესაძლოა, რეფერენდუმის ჩატარებაც დასჭირდეს, რადგან ეს რაოდენობა ეფუძნება 2003 წლის შემოდგომაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის დროსაც 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რიცხოვნობის 235-დან 150 წევრამდე შემცირებას.

რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით“.

ამჟამად პარლამენტში 75 წევრი ირჩევა პროპორციული, ხოლო 75 – მაჟორიტარული წესით.

მაჟორიტარული მანდატების 83-მდე გაზრდის მიზნით, შეთანხმების თანახმად, ის ოლქები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 000-ს აღემატება, გაიყოფა და დამატებით 10 ერთმანდატიანი ოლქი ჩამოყალიბდება.

კერძოდ, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ თითო მანდატი დაემატება შემდეგ საარჩევნო ოლქებს: საბურთალოს, ისანს, სამგორს, ნაძალადევს, გლდანს, რუსთავს, გორს, ქუთაისს, ზუგდიდსა და ბათუმს.

83-მდე გაზრდილ მაჟორიტარულ მანდატებში, სავარაუდოდ, აღარ მოიაზრება ლიახვისა და ახალგორის ოლქები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ ვრცელდება.

ახალი კონსტიტუციის მოდელით, რაც ძალაში 2013 წლის ბოლოდან შევა, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს, დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც შეთანხმების შესრულების შემდეგ 96 დეპუტატს შეადგენს.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ხმათა ორი მესამედია საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოს გადასალახავად, რაც 190-წევრიანი პარლამენტის შემთხვევაში 127 ხმა იქნება; ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტს სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით შეუძლია, რაც 190-წევრიანი შემადგენლობის შემთხვევაში 114 დეპუტატს შეადგენს.

დღეს მოქმედ პარლამენტში მმართველ პარტიას 119 ადგილი აქვს – 71 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულს ყველაფერი რჩება სისტემით მოგების შედეგად მოპოვებული და 48 ადგილი პროპორციულ არჩევნებში მიღებული 59.18-პროცენტიანი მხარდაჭერის საფუძველზე. 119 მანდატი პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 79.3%-ია, ანუ, დაახლოებით, 20 პროცენტით იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო.

თუ 2008 წლის არჩევნების სცენარი გამეორდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე (და მმართველი პარტია ხმების 59.18 პროცენტს მიიღებს პროპორციული სისტემით და 83 მაჟორიტარული მანდატიდან 71-ს მოიგებს), მმართველი პარტია 190-წევრიანი პარლამენტის მანდატების 70 პროცენტს გააკონტროლებს, რაც პროცენტულად დღევანდელთან (79.3 პროცენტი) შედარებით უფრო ნაკლებია, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმები.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებული წინადადებები ამგვარი შესაძლებლობის დაშვების წინააღმდეგ იყო მიმართული და ეფუძნებოდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობის პროპორციულობის პრინციპს.

შეთანხმებაში არ არის ასახული, ასევე, ოპოზიციის მოთხოვნა დღეს არსებული 30%-დან მაჟორიტარულ ოლქებში ბარიერის 50%-მდე გაზრდის თაობაზე.

ამომრჩეველთა სიები

ოპოზიციის შეთავაზების მიუხედავად, რომ საარჩევნო სიების ფორმირება ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდეს, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ შემოღებული იქნება სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მექანიზმი.

კერძოდ, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება და რომელსაც უხელმძღვანელებს ოპოზიციის წარმომადგენელი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე უნდა გადაამოწმოს სიები, ხოლო ცესკომ მასში ცვლილებების შეტანა უზრუნველყოს „სამართლებრივად დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე“.

ამასთან, კომისიაში წევრის წარდგენის უფლება მხოლოდ ამ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ.

დაფინანსება

შეთანხმების თანახმად, გაორმაგდება საარჩევნო ფონდებში შემოწირულობების ზედა ზღვარი ფიზიკური პირებისათვის დღეს დაწესებული 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე; ხოლო იურიდიული პირებისათვის – 100 000 ლარიდან 200 000 ათას ლარამდე.

2010 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებზე იმ ხუთი პარტიის კამპანია, რომელთაც თბილისში 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დაჯდა და ამ თანხის თითქმის 90-პროცენტიანი წილი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. მმართველი პარტიის დაფინანსების უმეტესი ნაწილი გზების მშენებლობის ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა გაიღეს.

ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ბიზნესმენები ხელისუფლების შიშით თავს იკავებენ შემოწირულობებისაგან და, ამდენად, ისინი დაფინანსების მიღების მუდმივი პრობლემის წინაშე დგანან. იმ დროს, როდესაც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი საგრძნობლად აღემატება ოპოზიციის დანახარჯებს, ხშირია მოწოდებები ხარჯებზე ლიმიტების დაწესების თაობაზე.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო ხარჯების დასაფარავად ერთჯერადად 1 მლნ ლარი გამოეყოფათ საარჩევნო სუბიექტებს მას შემდეგ, თუ ისინი გადალახავენ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს. ამ თანხიდან 300 ათასი ლარი მიზნობრივად უნდა იქნეს მიმართული სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად.

საბოლოო შეთანხმებაში აღარ ფიგურირებს მმართველი პარტიის მიერ თავდაპირველად შეთავაზებული ის დათქმა, რომლის მიხედვითაც, მილიონიანი ფინანსური პაკეტის მიღება მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების მონაწილე სუბიექტებს შეეძლებოდათ.

შეთანხმების თანახმად, კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლები საოლქო კომისიაში არჩევნების დღეს ერთჯერადად 100 ლარით დაფინანსდებიან ცესკოსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, ხოლო საუბნო კომისიაში წარმომადგენლები ერთჯერადად 50 ლარს მიიღებენ.

მონიტორინგის მექანიზმები

შეთანხმების თანახმად, კანონის საფუძველზე 2012 წლის 1 ივლისიდან შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და რეაგირებას მოახდენს საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაზე.

ამგვარი უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფი ბოლო სამი არჩევნების წინაპერიოდებშიც იქმნებოდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საარჩევნო რეფორმის შესახებ რეკომენდაციებში მოუწოდეს ამ ჯგუფის ეფექტურობის გაზრდისკენ, რადგან, მათი შეფასებით, ის „ყოველთვის ვერ ახერხებდა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების დროულად დასრულებას და დამრღვევების სათანადოდ დასჯის უზრუნველყოფას“.

შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, არჩევნების გამოცხადების დღიდანვე დაიწყება მედიამონიტორინგი საარჩევნო კამპანიის გაშუქების შესაფასებლად. მედიამონიტორინგისთვის ცესკო „კომპეტენტურ უცხოურ ან საერთაშორისო კომპანიას“ შეარჩევს. მედიამონიტორინგის ამგვარ მექანიზმს მოქმედი საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს.

სხვა ცვლილებები

საარჩევნო დავებთან დაკავშირებით, შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სუბიექტისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა არსებული 2 დღიდან 4 დღემდე გაიზრდება.

საარჩევნო კოდექსით დადგინდება ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე, რაც საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

მმართველი პარტიის მიერ 24 ივნისს წარმოდგენილ ვარიანტთან შედარებით, საბოლოო დოკუმენტში რიგი სხვა ცვლილებებიც არის დამატებული.

კერძოდ, აიკრძალება საოლქო კომისიების განთავსება თვითმმართველობებისა და პრეზიდენტის რწმუნებულების კუთვნილ შენობებში.

საუბნო კომისიის თავმჯდომარეს პარტიის ან ბლოკის წარმომადგენლის საარჩევნო უბნიდან გაძევების გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება აღარ ექნება და ამ საკითხს კომისია ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს.

ამასთან, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს არჩევნების დღეს კომისიის წევრებთან ერთად საჩივრების რეგისტრაციისა და ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის უფლება მიენიჭებათ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო კოდექსში განხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნებში მონაწილეობისათვის აღარ იქნება საჭირო ხელმოწერების შეგროვება და ცესკოში წარდგენა.