პუბლიკაციები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.

საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები ევროპელები არიან, როგორც ამას საქართველს პრემიერ მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ გაუსვა ხაზი 1999 წელს, ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და დაუღალავად ვმუშაობდით საქართველოს ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში სრული ინტეგრაციისთვის, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს, ბევრი რეფორმის იმპლემენტაცია მოხდა და მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების მოსაყვანად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – აღნიშნავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.

ამასთან ერთად, მათ გამოთქვეს შეშფოთება იმ ფაქტის გამო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი, როგორც ჩანს, აშკარად შეყოვნდა“.

თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს 12 პრიორიტეტი არ არის ახალი საქართველოსთვის. ისინი დიდწილად ემთხვევა იმ პრიორიტეტულ რეფორმებს, რაც მოცემულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც აღნიშნულ რეზოლუციაშია ჩაწერილი, ფუნდამენტური პრიორიტეტი არის პოლიტიკურ გარემოში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის აღმოფხვრა, რაც საზოგადოების ყველა სფეროში აღწევს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ამ პოლარიზაციის აღმოფხვრა დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზე, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის, რომ შეცვალონ ქცევა და დამოკიდებულება. ამ კონტექსტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გმობენ ანონიმური სუბიექტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების ბოროტი განზრახვით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათი ფიზიკურ უსაფრთხოებას.

აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ის არსებობს საქართველოში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დადუმება და სტიგმატიზაცია“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

ამასთან, ისინი კვლავაც მიუთითებენ სასამართლოს რეფორმის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივი რეფორმა ჩატარდა, კომპლექსური რეფორმები, რომლებიც რეკომენდებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ და ეფუძნება სასამართლო რეფორმის წინა ტალღების მიერ მიღწეული პროგრესის სიღრმისეულ და დამოუკიდებელ შესწავლას, ჯერ კიდევ მისაღებია. ამასთან დაკავშირებით, თანამომხსენებლები ხაზს უსვამენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმირების საჭიროებას, რაც ფოკუსირებული უნდა იყოს კორპორატივიზმის, საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამჭვირვალობის დანაკლისისა და მართლმსაჯულების სისტემაზე გადაჭარბებული კონტროლის აღმოფხვრაზე, რაც, მათი შეფასებით, ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. თანამომხსენებლების განცხადებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში. მაშინ როდესაც თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს ხელისუფლების მზაობას, ერძოლონ გადაჭარბებულ გავლენას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ ასევე შეშფოთება გამოთქვეს, რომ, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ხაზგასმული, ე.წ. პიროვნული მიდგომის, რაც ამ კანონს მოაქვს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება. გარდა ამისა, თანამომხსენებლების შეხედულებით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში და იმ კითხვების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით, ამ კანონის პიროვნულმა მიდგომამ, შესაძლოა, ის დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებისთვის, რაც ეწინააღმდეგება ამ კანონის გაცხადებულ მიზნებს. თანამომხსენებლები რეკომენდაციით გამოდიან, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას პიროვნულ მიდგომაზე ამ კანონპროექტში და მხარი დაუჭიროს არსებული მექანიზმების გაძლიერების ე.წ. სისტემურ მიდგომას, რათა შეებრძოლოს გადაჭარბებულ გავლენებს, რასაც ასევე აშკარად ანიჭებს უპირატესობას ვენეციის კომისია.

საქართველოში ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ. მაშინ, როდესაც, მათი განცხადებით, არ სურთ კომენტარის გაკეთება სააკაშვილის საქმეების რომელიმე სამართლებრივ ასპექტზე, რაზეც ისინი სრულად ექვემდებარებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებულ დავაზე.

ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.