პუბლიკაციები
ქართველები და ებრაელები: ნაპრალი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მონოლითში (საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ჟურნალისტური გამოძიება – ნაწილი I)

ebraelebi_qartvelebiქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი მეგობრობა ჩვენთვის ისეთივე ნაციონალურ ბრენდად იქცა, როგორც, მაგალითად, ქართული სტუმართმოყვარეობა, ქართული მრავალხმიანობა, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ – ქართული დემოკრატიაც. ახლახან კი მეგობრობის მონოლითში გაჩნდა ნაპრალი, საიდანაც პატარა, თუმცა საკმაოდ გონჯი ფანტომის ფიზიონომიამ გამოიჭვრიტა, აშკარა ანტისემიტიზმს თუ არა, აშკარა მტრობას რომ წააგავს... 

უკან, წარსულში 

ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმი ნამდვილად არასდროს არსებობდა, თუ არ ჩავთვლით იუდოფობიური განწყობის ცალკეულ გამოვლინებას და ისიც არა ქართველი ხალხის, არამედ პარტიისა და მთავრობის საბჭოთა ხელმძღვანელების მხრიდან, როგორც ეს ცნობილი „ექიმთა საქმის“ შემდეგ მოხდა. სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოსადმი მიმართვაში ქართველი მორწმუნე ებრაელები დაწვრილებით აღუწერენ „ძვირფას მთავრობას“ იმ მრავალრიცხოვან თვითნებობას, რასაც მაშინ „საქართველოს კპ ცკ-ის ყოფილი მდივნის – მგელაძის, ხელმძღვანელობით ზოგიერთი ადგილობრივი მუშაკი ებრაელთა მიმართ სჩადიოდა“. თუმცა ამ სავალალო ფაქტმაც ვერ დაძაბა ქართულ-ებრაული ურთიერთობები, ვერ დაარღვია მისი უნიკალობა. როგორც ჩანს, ისტორიიდან სხვა რამ ახსოვდათ. მაგალითად, ის, თუ როგორ აქტიურად გამოდიოდა ქართველი ინტელიგენცია რუსეთის მთავრობის მიერ ებრაელთა უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში; როგორ გამოხატავდნენ ებრაელთა მიმართ თანაგრძნობას თავიანთ ნაწარმოებებში ცნობილი ქართველი მწერლები – ილია ჭავჭავაძე, იროდიონ ევდოშვილი, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვანი; როგორ იცავდა ებრაელებს სახელმწიფო დუმაში ქართველ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ევგენი გეგეჭკორი.

80 წელზე მეტი ხნის წინათ ქართველი ებრაელების ისტორიაზე გამოცემული წიგნის ავტორის, პუბლიცისტ ნათან ელიაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ქართველები ბუნებით სტუმართმოყვარენი არიან, გულითადად მასპინძლობენ ქვეყნის სტუმრებს და ებრაელების პატივით მიღება თავიანთ მორალურ მოვალეობად მიაჩნიათ, მხატვრულ გაზვიადებად არავის აღუქვამს. ნამდვილად ასე იყო და იმიტომ...

ისრაელის წარმოქმნასთან ერთად ლოკალური მასშტაბის სიმპათიები უფრო გაიზარდა და მთელ ებრაელ ხალხზე, მთლიანად სახელმწიფოზე გავრცელდა, სადაც ბოლო წლებში სსრკ-ის დაშლის შემდეგ ათობით ათასი ჩვენი თანამემამულე გადასახლდა. უნდა ითქვას, რომ ისრაელიც ამითვე პასუხობდა. საქართველოსთვის მძიმე 1992-1993 წლებში მან, უცხო სახელმწიფოთაგან ერთ-ერთმა პირველმა, თბილისში თავისი საელჩო გახსნა და ჰუმანიტარული ტვირთების – მედიკამენტების, ტანსაცმლის, საკვები პროდუქტების, სხვადასხვა აღჭურვილობის, გამოგზავნა დაიწყო.

შემდგომ, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებმა გარკვეული სტაგნაცია განიცადა, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ისინი აღორძინდა, ხოლო 2007 წლიდან მომდევნო წლის შუა ხანებამდე ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებამ ზენიტს მიაღწია.

საქართველოში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და მეწარმეები ჩამოვიდნენ. გამოაცხადეს ისრაელის კაპიტალის რამდენიმე დიდი პროექტის დაწყება, თბილისსა და მის შემოგარენში მშენებლობებისთვის შეისყიდეს მიწები. იმ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის უახლოეს თანამოაზრესა და ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილს უკვე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო 2008 წლის იანვარში მინისტრი გახდა კიდევ ერთი ქართველი ებრაელი თემურ იაკობაშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რეინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების უწყებას. მოკლედ, სიყვარული და მეგობრობა თვალსაჩინო იყო, ამასთან, პატივისცემაც – ქვეყნის მიმართ, რომელმაც მოკლე ხანში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შეძლო. შემთხვევითი როდი იყო, რომ თავისი პრეზიდენტობის მეორე წელს ისრაელში ოფიციალურად ვიზიტად მყოფმა მ. სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ აარონ შარონთან შეხვედრისას გულითადად განაცხადა: „ჩვენთვის ისრაელი მისაბაძი მაგალითია სახელმწიფო მოწყობის, სამხედრო სისტემისა და ნაციონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

მოკლედ, სიყვარული და მეგობრობა თვალსაჩინოა.

თუმცა რა ვუყოთ იმ პატარა მახინჯ ფანტომს, დღეს რომ მრავალსაუკუნოვანი მონოლითის ნაპრალიდან იყურება, უახლოეს მომავალში ხორცი რომ შეისხას და კუნთებიც გაიმაგროს?

გრძნობათა გაცივების ანატომია

მაშ, რა მოხდა, სიყვარული გაქრა და ვარდებიც დაჭკნა? ერთი გზით აღარ მივემართებით? დამშვიდობების დრო მოვიდა? ვფიქრობ, ჯერ მაინც ადრეა ჩვენი მეგობრობისთვის შოპენის „რეკვიემისა“ და „სამგლოვიარო მარშის შესრულება.“ თუმცა, სწორედ რომ დროა, გავერკვეთ, ასე მოკლე ხანში საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები ასე მნიშვნელოვნად რატომ გაუარესდა? მიზეზების დადგენა მათი მოსპობის, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობის საშუალებას მაინც მოგვცემს.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“, ისევე, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი და უცხოური მედია, დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის „განხეთქილების ვაშლის“ როლი, უპირველესად, ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავებამ შეასრულა. ის არაერთგზის დაბრუნებია ამ თემას, განგაშის ზარიც შემოჰკრა და თქვა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, მეგობრობას ზიანი მიადგა, რაც კიდევ დიდხანს შეგვახსენებს თავს.

ფუქსის საქმე, რომელსაც ამ პუბლიკაციაში კიდევ დავუბრუნდებით, უდავოდ, დეტონატორად იქცა, რომელსაც უნარი შესწევს, მეგობრობის მონოლითში ნაპრალი წარმოქმნას. იმ დროისათვის აფეთქების საწყისი იმპულსი უკვე არსებობდა: აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანდათან შეწყდა. უფრო ადრე უხეშ გამოხდომებსაც ჰქონდა ადგილი, იმგვარს, 2007 წლის ნოემბრის ოპოზიციური მიტინგის დარბევისას რომ ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მომხრე შეურაცხმყოფელ სიტყვებს წარმოთქვამდა საქართველოს პრეზიდენტის პოსტის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის მისამართით, მისი ებრაული წარმოშობის გამო. „ყიური!“ – გაჰყვიროდნენ ისინი, რასაც ვერასდროს ვერავინ გაბედავდა უწინ. ეს ფაქტი ვიდეოზეც დაფიქსირდა და ქართველ საზოგადოებაში სკანდალიც გამოიწვია. თუმცა შეურაცხმყოფელი სიტყვა უკვე ნათქვამი იყო.

აგვისტოს ომამდე მცირე ხანი რჩებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ხელისუფლებისათვის ხელსაყრელი ფიგურა გახლდათ, რომლის გეგმებშიც არმიის მოდერნიზაცია და მისი ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება შედიოდა. ყველაზე მაღალი დონის სახელმწიფო ჩინოვნიკებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისრაელი ხელს უწყობდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ბუნებრივია, კეზერაშვილს, როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელსა და ისრაელის მოქალაქეს, უნარი შესწევდა, კიდევ უფრო ეფექტიანი გაეხადა სამხედრო თანამშრომლობა. როგორც ამბობენ, ჩიტი ბრდღვნად ღირდა. სათვალავში არ იქნა მიღებული „წვრილმანი“, მაგალითად, ის, რომ უწინ, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობისას, კეზერაშვილი ხშირად სკანდალების გმირი ხდებოდა. ვრცელდებოდა ხმები ნარკოტიკებისადმი მისი მიდრეკილების შესახებ, ჟურნალისტებს აღმოაჩნდათ სატელეფონო ჩანაწერები: კეზერაშვილის ხმის მქონე პირი უცენზუროდ ილანძღებოდა და აბუჩად მოიხსენიებდა თავის უშუალო უფროსს – ფინანსთა მინისტრს. თუმცა ჩიტი ხომ ბრდღვნად ღირს...

ასეც იყო: თავდაცვის ახალი მინისტრის ხელმძღვანელობისას გააქტიურდა თანამშრომლობა ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, ამ ქვეყნის გადამდგარ და მოქმედ სამხედროებთან. საქართველოს მოეწოდებოდა ისრაელის შეიარაღება, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები. ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას დაიწყეს ებრაელებმა ქართული მოიერიშე თვითმფრინავების „Су-25-ის მოდერნიზება, რაც სააკაშვილის მმართველობის ხანაშიც გაგრძელდა. მათვე შეიმუშავეს ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული Т-72“ ტანკების მოდერნიზაციის პროგრამაც.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ქართველი ხელისუფალნი და ექსპერტები ამას ისრაელის ხელმძღვანელობაზე რუსეთის ზეწოლას უკავშირებენ – მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭების შიშით იერუსალიმს საქართველოსთან დიდ თავდაცვით გარიგებაზე უარის თქმა მოუხდაო. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეც იყო. რა თქმა უნდა, ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა და თუ მოცემულ შემთხვევაში ეს შეიძლება რუსეთს დაბრალდეს, მომდევნო დარტყმები თავადვე გამოვიწვიეთ, უნტერ-ოფიცრის ქვრივივით საკუთარი თავი ვგვემეთ. დაძაბული სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ფონზე 2010 წლის 15 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს ორი ებრაელი ბიზნესმენი – რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი. ურთიერთკომპლიმენტები ურთიერთწყენამ, სილაქებმა, მითქმა-მოთქმამ შეცვალა...

 

ელენე ჩაჩუა,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"

(გაგრძელება იქნება)