სამართალი
გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა წლიურ ანგარიშში, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე წარსდგა, ზუსტად შეაფასა ის მოვლენები, რაც ახლა საქართველოში ხდება.

ამასთან, როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, პრეზიდენტმა თავისი სიტყვები მოქმედებით უნდა შეცვალოს და მისი დისკრეციული უფლება გამოიყენოს.

სამწუხარო ერთი რამეა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ არის ყოველთვის ერთგვაროვანი. გუშინდელი განცხადება შეიძლება შეფასდეს იმ განცხადებად, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაგრამ მთავარი შეფასებები და მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ მის ხელშია. ის საუბრობდა 12-პუნქტიან გეგმაზე და სწორედ მას შეუძლია შეიტანოს დიდი წვლილი ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში. თავისი გადაწყვეტილებით, მისი დისკრეციული უფლებით, უნდა გაათავისუფლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, გაათავისუფლოს ოპოზიციური არხის დირექტორი ნიკა გვარამია და ამით სწორედ პოლარიზება განიმუხტოს ქვეყანაში, რომელი პოლარიზებაც ერთ-ერთი შემაკავებელი ნაწილია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.