„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „ოპოზიციური რვიანის“ „ნარჩენი“ 6 პარტიის – „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „კონსერვატული პარტიის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „საქართველოს გზისა“ და „ხალხის პარტიის“ – სახელით ხელისუფლების შეთავაზებებზე საბოლოო პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ისინი ხელისუფლების საბოლოო საარჩევნო ინიციატივებს არ იზიარებენ, თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლას კი „ექვსიანის“ ფორმატში გააგრძელებენ.
მისივე თქმით, „პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვის ერთადერთ გზად „რვიანს“ ყოველთვის მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს საარჩევნო გარემოს უსამართლობას განაპირობებს“. „ჩვენ სამართლიანი არჩევნებისა და ამ გზით ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას ვაგრძელებთ. ამ ბრძოლას ფართომასშტაბიან სამოქალაქო მოძრაობად „თავისუფალი არჩევნებისთვის“ გადავაქცევთ და ხალხთან ერთად გამარჯვებას მივაღწევთ“, – დასძინა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წინადადებებს „რვიანიდან“ მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“ იზიარებენ და ისინი შეთანხმებაზე ხელმოწერისთვისაც მზად არიან. დანარჩენმა „ექვსეულმა“ კი, როგორც ჩანს, ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლების წინადადებებაზე უარი განაცხადა.