საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულები ნორვეგიის ელჩს მოუწოდებენ, საჯაროდ დააფიქსიროს, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა ნორვეგიის სახელმწიფოს პოზიცია არ არის

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულებმა ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიისგან ჯილდოს გადაცემას აპროტესტებდნენ.

როგორც აქციაზე სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის წევრებმა და კონსერვატიულმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილს მიანიჭეს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ჯილდო, პრიზი, უბრალოდ სირცხვილია. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ ნორვეგიის ელჩს ვთხოვოთ, გამოვიდეს და დააფიქსიროს, რომ ეს არ არის ნორვეგიის მთავრობის პოზიცია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მკვლელის იარლიყი ამაკრესო, დარწმუნებული შეიძლება იყოს ხალხი იმაში, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა არ გამოჰკრა იარაღის სასხლეტს ხელი, მაგრამ მისმა რეჟიმმა, ბრძანებებმა, ნულოვანმა ტოლერანტობამ, აღვირახსნილობამ, რაც ხდებოდა საქართველოში, სწორედ ამიტომ შეიწირა მიხეილ სააკაშვილმა ეს ხალხი“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

როგორც ყოფილმა პატიმარმა, ნანა ქადაგიშვილმა აქციაზე განაცხადა, სისხლისმსმელი სააკაშვილი არ არის ადამიანის უფლებების დამცველი და დემოკრატიის შუქურა.

შეურაცხყოფა მოგვაყენეს ნორვეგიელებმა, არ ვიცი, ეს ოპოზიციაა თუ პოზიცია, სულ ერთია ჩემთვის. გამობრძანდეს ელჩი და გვითხრას, ეს ნორვეგიის სახელმწიფოს აზრია? დააფიქსიროს. სისხლისმსმელი სააკაშვილი თურმე არის ადამიანის უფლებების დამცველი და დემოკრატიის შუქურა. მან ჩემი ოჯახის ორი წევრი მომიკლა, მე თავად, დიასახლისი, გამასამართლა, ხუთი თვე ციხეში მამყოფა, ხუთი წელი პირობითი მსჯავრი მომისაჯა, მთელი ქონება ჩამომართვა, ქუჩაში დამტოვა და ის არის დემოკრატიის შუქურა? დღემდე სამართლიანობა ვერ მიპოვია, მე დღეს, აი, ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მიპოვია, რადგან ისევ გაბოგინებული არიან ეს „ნაცები“.

ჩვენ სამი თვის წინ, 28 დეკემბერს მივედით სალომე ზურაბიშვილთან რეზიდენციაში და მან ჩვენ მოვარდნილები გვიწოდა, მაშინ დიდი შეურაცხყოფა მივიღეთ. სააკაშვილის რეჟიმის დროს იმდენი შეურაცხყოფა მივიღე და იმდენი დამცირება, წამება და ღირსების აყრა, ამის შემდეგ თუ კიდევ ვინმე ამ ხელისუფლების პირობებში ასეთ რამეს იკადრებდა, რომ ჩვენ შვილმკვდარ დედებს მოვარდნილებს გვიწოდებდა, ნამდვილად არ მეგონა. წარმოიდგინეთ, იმის შემდეგ სამი თვე გავიდა და კიდევ ასეთი შეურაცხმყოფელი ფაქტი ხდება, იმას აღარ ვამბობ, გიული ალასანია ყოველდღე რეებს კადრულობს. პოსტი დადო სააკაშვილმა და რა ბრძანა, თურმე ის მკვლელი არ არის, დამიმტკიცონო, ანუ პრეზიდენტი რომ ბრძანებებს გასცემდა მიტინგების დარბევის, ხალხის მოკვლის, იმაში ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს? იქნებ ბოლო-ბოლო მიუჩინოთ ადგილი, რასაც იმსახურებს. ჩვენ რომ წყნარად, ტოლერანტული დამოკიდებულებით ვექცევით, სულ მთლად თავზე გავიდნენ ეს „ნაცები“ და თავზე გვაყრიან მართლა ყველაფერს. ყველა გავასამართლოთ ისე, რასაც იმსახურებს. ხელისუფლებამ ეს გააკეთოს, ანდა ხალხი გავაკეთებთ, ჩვენ თავად გავუსწორდებით ამათ, ნამდვილად გავუსწორდებით. ჩემი შვილის მკვლელობას არავის არ შევაწევ, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ადამიანის უფლებების დარგში დაჯილდოება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახების შეურაცხყოფაა.