საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საავადმყოფოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა, რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურისა და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მინდოდა, ეს ხაზგასმით მეთქვა. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.