სამართალი
ენდოკრინოლოგი: მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ სიმპტომურ მკურნალობას გადის - თუ ამაზე მეტს არ დათანხმდება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართული ენდოკრინოლოგის, სოფო მებუკეს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ სიმპტომურად მკურნალობს, რისი მიღებაც ამბულატორიულ კლინიკაშიც შეიძლება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს მიხეილ სააკაშვილის რაციონი გამრავალფეროვნდა, თუმცა შემდგომში მან კალორაჟი კვლავ შეამცირა.

სოფო მებუკეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების ახალი კონსილიუმის შექმნაზე, რეაბილიტაციაზე, სამკურნალო მასაჟებსა და ფსიქოთერაპიაზე უარს ამბობს.

მიხეილ სააკაშვილისთვის, ძირითადად, მოაქვთ ის, რაზეც იციან, რომ შეჭამს და არა ის, რაზეც ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას. „ვივამედის“ საკვებზე პირველივე დღიდან თქვეს უარი. არ ვიცი, გაცილებით რთულად გადასამუშავებელი პროდუქტი როგორ შეიძლება იყოს მისთვის მარტივად ასათვისებელი. მე მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ვიზიტი 16 მარტს მქონდა. მას კიდევ ერთხელ შევთავაზე, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსილიუმი შექმნილიყო, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე და მიხეილ სააკაშვილი გაღიზიანდა. ჩემი მოტივაცია აზრთა შეჯერება და მკურნალობის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრა იყო. ეს ბოლო, უახლესი შემთხვევაა, კონსილიუმის შექმნა მანამდეც არაერთხელ შევთავაზე. მიხეილ სააკაშვილი, ასევე, უარს ამბობს რეაბილიტაციაზე, სამკურნალო მასაჟებსა და ფსიქოთერაპიაზე.

7, 8 და 9 მარტს ნამდვილად იყო ეპიზოდი, როდესაც მისი მენიუ გამრავალფეროვნდა. შემდგომში მას საკვებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ რაციონი კვლავ შეზღუდა.

ვივამედის“ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, რომ პაციენტი სიმპტომურ მკურნალობას გადის და ამის მიღება სხვა კლინიკაშიც შეუძლია, მე მონაწილეობა არ მიმიღია. მიუხედავად ამისა, ვიზიარებ იმას, რომ სიმპტომური მკურნალობა ამბულატორიულ კლინიკაშიც კი შეიძლება. თუ მიხეილ სააკაშვილი სიმპტომურ მკურნალობაზე მეტს არ დათანხმდება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება“, - განაცხადა ენდოკრინოლოგმა.