პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯანდაცვის პროგრამით ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, ისევ ნეოფაშისტური რეჟიმი რომ ყოფილიყო, ბევრი ადამიანი ვერ იმკურნალებდა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ჯანდაცვის სექტორი 10 წელიწადში ძალიან განვითარდა, ათასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ, 2012 წლამდე ჩვენი მოქალაქე, პრაქტიკულად, მიტოვებული იყო, რომ ყოფილიყო ისევ მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი, ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა მკურნალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია მოქალაქეებზე ზრუნვა.

2012 წლამდე, პრაქტიკულად, მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე, რომ იტყვიან, ბედის ანაბარად იყო მიტოვებული. არავითარი მხარდაჭერა, მხოლოდ 70 მლნ ლარი არის მიზერი 4 მლნ მოქალაქისთვის. ასევე, რაც მთავარია, გახსოვთ, რომ ათასობით ადამიანს უწევდა ბინების გაყიდვა, სახლების ბანკში ჩადება, სესხების აღება, რათა საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, საკუთარი თავისთვის ემკურნალა. ახლა ეს ყველაფერი არის მოხსნილი. ჩვენმა ხალხმა 6 მლრდ 300 მლნ ლარი დაზოგა. ჩვენ ძალიან ბევრი დახმარება გამოვუყავით კერძო კლინიკებს. მთელი ეს თანხა წავიდა კერძო კლინიკებში – 6 მლრდ 800 მლნ, და 200 მლნ – სახელმწიფო კლინიკებში. ამით, რა თქმა უნდა, ფეხზე დადგა ჯანდაცვის სექტორი. ძალიან განვითარდა 10 წელიწადში. ეს არის ჩვენი ხელწერა. ანუ, რა რეალობა დაგვხვდა და რა გვაქვს დღეს, არის როგორც დღე და ღამე.

მანამდე, გახსოვთ, რომ სახელმწიფო, რეალურად, მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, კლავდა და ათას უბედურებებს მართებდა და ამის შემდეგ არ მკურნალობდა, მიგდებული ჰყავდა აბსოლუტურად ბედის ანაბარა. ჩვენ ეს მიდგომა, ყველაფერი შევცვალეთ და სახეზე გაქვთ ძალიან მაგარი შედეგი. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, დაწყება ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ეს არის შედეგი, რითიც ათიათასობით ადამიანი გადარჩა. რომ ყოფილიყო ისევ მჩაგვრელი, ნეოფაშისტური რეჟიმი, ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ, ვერ შეძლებდა მკურნალობას. ათასობით სიცოცხლე გადავრჩინეთ, ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.