საზოგადოება
არასამთავრობოები ოლივერ ვარჰეის მიმართავენ

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. 15 არასამთავრობო ორგანიზაცია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეისთვის გაგზავნილ საჯარო წერილში, მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გაზაფხულზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს და სთხოვს მას, რომ შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.

ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“, – აცხადებენ უფლებადამცველები 23 მარტით დათარიღებულ წერილში.

აღნიშნავენ რა, რომ ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, არასამთავროები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში“.

ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას“, – ნათქვამია წერილში.

სხვებთან ერთად წერილზე ხელმომწერთა შორის არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.