საზოგადოება
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ყოფილ სახალხო დამცველთან შეხვედრა გამართა

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ჯეიმს კლევერლის აინტერესებდა, რითი შეუძლია, გაერთიანებული სამეფო დაეხმაროს საქართველოს, დაეხმაროს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და როგორ შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

„როგორც სახალხო დამცველს მქონდა ძალიან აქტიური ურთიერთობა მოქმედ ელჩთან, ისევე როგორც სხვა ელჩებთან და ალბათ შემარჩიეს, როგორც მოქმედი სამოქალაქო აქტივისტი. ჯეიმს კლევერლის გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და მივეცით რეკომენდაციები. იმის მიუხედავად, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრე საქართველოსა და მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილზე, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ვისაუბრე ჩვენს მისაწრაფებებზე ნატო-სკენ და რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. ამასთან, ვუთხარი, როდესაც ქართველები ვსაუბრობთ დასავლეთსა და ევროინტეგრაციაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო. ჩვენ გვაქვს საერთო საფრთხე და ეს არის რუსეთი. ამ შემთხვევაში ის ჩვენთან, როგორც საოკუპაციო ძალა, ისე არის წარმოდგენილი. ვისაუბრე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე იმაზე, რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების რიტორიკა, მიზნები აბსოლუტურად აცდენილია. განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდგომ ხელისუფლების რიტორიკა ძალიან დაემსგავსა რუსულს. შეიცავს რუსული პროპაგანდის აშკარა ნიშნებს, მაშინ, როდესაც საზოგადოება, მათ შორის ხელისუფლების ამომრჩეველიც, ღიად აფიქსირებს პროევროპულ არჩევანს. ამიტომ ეს კონტექსტი გავუზიარე და ვუთხარი, თუ რაიმეთი შეუძლია საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს ქართველების დახმარება, არის ის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იგრძნონ დემოკრატიის აქტორებმა. ესენი არის სამოქალაქო აქტივისტები, მედია, არასამათავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ყველა, ვინც იბრძვის ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებისთვის. ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ მეტი მხარდაჭერა დემოკრატიული სამყაროდან.

ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ყველაფერზე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა ძალიან სწორი წარმოდგენები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე. ვფიქრობ, მას ძალიან სწორი აღქმები ჰქონდა არსებულ სიტუაციაზე და იმედი მაქვს, ეს შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოს მთავრობას დაეხმარება, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება. მე არ მაქვს უფლება, მისი სიტყვები გავაჟღერო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზიები, ISFED-ი, „GRASS – მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“ და „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები.