საზოგადოება
მმართველი პარტიის წინადადებები საარჩევნო რეფორმის თაობაზე

archevnebiმმართველმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკუთარი წინადადებები წარადგინა, რომლებიც პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდას, ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისა და წინასაარჩევნო მონიტორინგის მექანიზმების შემოღებას უკავშირდება.

დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პავლე კუბლაშვილმა ინდივიდუალური შეხვედრის რეჟიმში ეს წინადადებები „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელ მამუკა კაციტაძეს გააცნო, რომელმაც მოგვიანებით ეს შეთავაზებები ოპოზიციური „რვიანის“ დანარჩენ სუბიექტებს წარუდგინა. „რვიანის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი პოზიციების შეჯერების შემდეგ ხელისუფლების შეთავაზებებზე პასუხს რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ.

საარჩევნო სისტემა:

მმართველი პარტიის წინადადებების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190-მდე უნდა გაიზარდოს და აქედან 83 დეპუტატი აირჩეს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან; 107 წევრი კი – პროპორციული სისტემის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების მიღებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დასჭირდება.

ამჟამად პარლამენტი 150 წევრისაგან შედგება და ეს რაოდენობა ეფუძნება 2003 წლის შემოდგომაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის დროსაც 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რიცხოვნობის 235-დან 150 წევრამდე შემცირებას. მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტში 75 წევრი ირჩევა პროპორციული, ხოლო 75 – მაჟორიტარული წესით.

ახალი კონსტიტუციის მოდელით, რაც ძალაში 2013 წლის ბოლოდან შევა, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს, დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის წინადადება რიცხოვნობის გაზრდაზე გაზიარებული იქნება, 96 დეპუტატს შეადგენს.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ხმათა ორი მესამედია საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოს გადასალახავად, რაც 190-წევრიანი პარლამენტის შემთხვევაში 127 ხმა იქნება; ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტს სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით შეუძლია, რაც 190-წევრიანი შემადგენლობის შემთხვევაში 114 დეპუტატს შეადგენს.

დღეს მოქმედ პარლამენტში მმართველ პარტიას 119 ადგილი აქვს – 71 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულს ყველაფერი რჩება სისტემით მოგების შედეგად მოპოვებული და 48 ადგილი პროპორციულ არჩევნებში მიღებული 59.18-პროცენტიანი მხარდაჭერის საფუძველზე. 119 მანდატი პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის 79.3 პროცენტია, ანუ, დაახლოებით, 20 პროცენტით იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური „რვიანის“ მიერ 5 აპრილს შეთავაზებული წინადადებები ამგვარი შესაძლებლობის დაშვების წინააღმდეგ იყო მიმართული და ეფუძნებოდა პრინციპს, რომ საარჩევნო სუბიექტს იმდენივე მანდატი ჰქონოდა პარლამენტში, რამდენი ამომრჩევლის მხარდაჭერასაც მიიღებდა არჩევნებზე. „რვიანის“ წინადადება იყო, ასევ,ე მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის დაწესება, ნაცვლად დღეს არსებული 30%-სა.

მართალია, მმართველი პარტიის ბოლო წინადადებებში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი მაჟორიტარულ ბარიერთან დაკავშირებით, მაგრამ მათ ადრე განაცხადეს, რომ ბარიერის გაზრდას მხარს არ დაუჭერენ.

ამომრჩეველთა სიები:

ოპოზიციის შეთავაზების საპასუხოდ, რომ საარჩევნო სიების ფორმირება ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდეს, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ის სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემოღებას უჭერს მხარს.

ბოლო წინადადებებში მმართველი პარტია უკვე აღარც იმაზე საუბრობს, რომ პილოტური პროექტის სახით მხოლოდ დედაქალაქში დათანხმდება ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე სიების ფორმირებას, როგორც ეს 9 მარტს თავის შეთავაზებებში განაცხადა.

მმართველი პარტიის უკანასკნელი შეთავაზების მიხედვით, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ ივლისამდე უნდა გადაამოწმოს სიები, ხოლო ცესკომ მასში ცვლილებების შეტანა უზრუნველყოს.

დაფინანსება:

მმართველი პარტიის შეთავაზებაა, გაორმაგდეს საარჩევნო ფონდებში შემოწირულობების ზედა ზღვარი ფიზიკური პირებისათვის დღეს დაწესებული 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე; ხოლო იურიდიული პირებისათვის – 100 000 ლარიდან 200 000 ათას ლარამდე.

2010 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებზე იმ ხუთი პარტიის კამპანია, რომელთაც 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დაჯდა და ამ თანხის თითქმის 90-პროცენტიანი წილი მმართველ პარტიაზე მოდიოდა. მმართველი პარტიის დაფინანსების უმეტესი ნაწილი გზების მშენებლობის ბიზნესში ჩართულმა კომპანიებმა გაიღეს.

ოპოზიცია ხშირად აცხადებს, რომ ბიზნესმენები ხელისუფლების შიშით თავს იკავებენ შემოწირულობებისაგან და ამდენად ისინი დაფინანსების მიღების მუდმივი პრობლემის წინაშე დგანან. იმ დროს, როდესაც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი საგრძნობლად აღემატება ოპოზიციის დანახარჯებს, ხშირია მოწოდებები ხარჯებზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე.

„ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო ხარჯების დასაფარავად ერთჯერადად 1 მლნ ლარი გამოეყოთ საარჩევნო სუბიექტებს მას შემდეგ, რაც ისინი გადალახავენ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს. ამ თანხიდან 300 ათასი ლარი მიზნობრივად უნდა იქნეს მიმართული სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად.

მმართველი პარტია აქვე აკეთებს დათქმას, რომ მილიონიანი ფინანსური პაკეტის მიღება მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების მონაწილე სუბიექტებს შეეძლებათ.

ამავე კვალიფიციურ სუბიექტებს მმართველი პარტია სთავაზობს, ასევე, არჩევნების დღეს 50 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაწესების შესაძლებლობას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენლებისთვის.

მონიტორინგის მექანიზმები:

მმართველი პარტიის წინადადებების თანახმად, კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და რეაგირებას მოახდენს საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაზე.

ამგვარი უწყებათაშორისი სამთავრობო ჯგუფი ბოლო სამი არჩევნების წინაპერიოდებშიც იქმნებოდა. სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო რეფორმის შესახებ რეკომენდაციებში მოუწოდეს ამ ჯგუფის ეფექტურობის გაზრდისკენ, რადგან, მათი შეფასებით, ის „ყოველთვის ვერ ახერხებდა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიების დროულად დასრულებას და დამრღვევების სათანადოდ დასჯის უზრუნველყოფას“.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წინადადების თანახმად, ასევე, საარჩევნო კოდექსით განისაზღვრება მედიამონიტორინგის განხორციელების მექანიზმები საარჩევნო კამპანიის გაშუქების შესაფასებლად. მედიამონიტორინგისთვის ცესკო „კომპეტენტურ, უცხოურ ან საერთაშორისო კომპანიას“ შეარჩევს. მონიტორინგის ამგვარ მექანიზმს მოქმედი საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს.

საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზებაა, მაქსიმალურად გაიზარდოს სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა, რაც ამჟამად 48 საათს შეადგენს.

„ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, გამოდის წინადადებით, დადგინდეს ზედა ზღვარი გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე.

„აღნიშნული შეთანხმებებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა“, – აცხადებს მმართველი პარტია.