პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: ორი ძიძის ხელში ბავშვი დაიხრჩოო...

   „არც ფატალისტი ვარ და არც ფანტასტი, მაგრამ „თუ პირველ მოქმედებაში სცენაზე თოფი კიდია, ბოლო მოქმედებაში ის აუცილელად გაისვრის“ - საქართველოში ან სამოქალაქო ომი მოხდება, რომელსაც ევროქართველების ქომაგმა ბერნარ-ანრი ლევიმ ტყუილუბრალოდ როდი დაარქვა თბილისის მაიდანი“, ან საქართველო მეორე ფრონტს“ გახსნის „პირველი უკრაინულის“ დასახმარებლად. დიახ, ლაინერმა „ჯორჯია“ ის წერტილი გადაკვეთა, რომლის შემდეგაც მიწაზე დაბრუნება შეუძლებელია - ან უნდა სცადოს აფრენა, ან ჩამოვარდება და აფეთქდება...

   პრემიერმა ღარიბაშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უცხოეთის გავლენის აგენტებს კომპლიმენტი გაუკეთა - „ანარქისტები“ ეძახა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება - ანარქისტი ხომ დამოუკიდებელი და თავისუფალი ხალხია, როგორც გიჟები საგიჟეთში... მეც ვარ გარკვეულწილად ანარქისტი, რადგანაც კომპარტიის ნომენკლატურის ქედმაღალი ფუნქციონერების ატანა არასოდეს მქონდა, მაგრამ არც ყალბი ეროვნულების დიდი ნაწილი, და არც ისტერიული ევროქართველებია ჩემთვის მისაღები. მე არ ვთვლი ბავშვებად თავხედ აგრესიულ დაბოლილ ახალაგაზრდებს რუსთაველზე, ქართველი ერის შემარცხვენლებს, და არც მათი მრავალფეროვნებით განრისხებული უსახო ბრბოა ჩენთვის მისაღები, დღეს იმავე ადგილას ევროკავშირის დროშა რომ დაწვა! მე არ მომწონს თავხედი სტუდენტობა, ლექტორებს რომ დასცინის - „რუსი! რუსიო!“ და აუდიტორიაში არ უშვებს, მაგრამ მეცოდებიან ამავდროულად, რადგანაც არ იციან, რომ თოჯინები არიან - საწყალი ერთჯერადი თოჯინები ყოვლისშემძლე მეთოჯინის ხელში!

   ისმის კითხვა - კეთილი, მაგრამ ხელისუფლება სად არის, რატომ არ ხელისუფლობს?! საქმე ისაა, რომ საქართველო დღეს მავე მდგომარეობაშია, როგორც რუსეთი - ის დასავლეთთან პირისპირ მარტოა დარჩენილი და ან აფრინდება, ან ჩამოვარდება და აფეთქდება... საკუთარ თავს ხელი უნდა მოვკიდოთ და თმებით ამოვქაჩოთ, მაგრამ ვაი რომ ქართველი ხალხი ის უპატრონო ბავშვია, რომელიც ორი ძიძის ხელში დაიხრჩო! ორი რომ იყოს, რა გვიჭირს, მეტი არაა, რო?! უყურეთ: ხელისუფლების რამდენიმე შტო, რომელთა პოზიციები ერთმანეთთან თანხვედრაში მაინცდამაინც არ არის, ოპოზიციის რამდენიმე ნაირსახეობა, ყოველი მათგანი რომ ცალ-ცალკე პალატაშია დასაბმელი; სამნაირი დასავლელი „მეგობრები“ - ნაცების ლობისტები, აშშ-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელები (ღარიბაშვილს შეხვედრებისას რომ უღიმიან და კმაყოფილებას ვერ მალავენ, მაგრამ ზურგში დანას ურტყამენ, როგორც კი ის შინ ბრუნდება!); და პროვოკატორი - დასავლელი ელჩები აშშ-ის ელჩის მეთაურობით. ამას დავუმატოთ NATO: რომელ დასავლეთს გინდა, დაუჯერო, რომელი მათგანისკენ მიისწრაფვის საქართველო?!

   ტაქტიკაც არის და ლოგიკაც - თუ აგენტისგან სარგებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზარალი, რაც მან ლეგენდის დასამტკიცებლად თავისი ქმედებებით საქმეს მიაყენა, ეს აგენტი უვარგისია! როცა ხელისუფლება ითმენს ყველაფერს, ეს ბევრ შეკითხვას ბადებს... ვინც იარაღს ატარებს, კარგად იცის - თუ სროლის შნო არ გაქვს, ან არ აპირებ, იარაღს ტყუილად ნუ ამოიღებ ან საერთოდ ნუ ატარებ! დიახ, საუკეთესო მოგებული ბრძოლაა - ის, რომელიც თავიდან აიცილე, მაგრამ რას აკეთებდი წინა დღეს, ხელისუფლებავ, „ბრძოლის“ საშიშროების თავიდან ასაცილებლად?! ან რას აკეთებ დღეს, რომ ის არ განმეორდეს?! ხომ გყავთ სპესამსახურებს აგენტურა, ხომ კარგად იცოდით - რომელ დღეს და საათს ვინ და როგორ აპირებს გამოსვლას რუსთაველზე „მოლოტოვის კოტეილებით“ ზურგჩანთებში? სად იძინეს ეს „გამაცხელებელი სასმელები“ იმ ყმაწვილებმა, ვისაც „ვეფისტყოსანი“ არ წაუკითხავთ, სამაგიეროდ ჟულის ინსტიტუებში და მისი ნაგიჟარი ვაჟის ბიბლიოეკაში დივერსანტის უამრავი სახელმძღვანელო აქვთ წაკითხული?!

ან რა უნდა საერთოდ ევროკავშირის დროშას რუსთაველზე, რატომ ვიხდით თავს სამასხაროდ?! რომელი იყო ევროპელი რუსთაველის გმირებიდან? ნატოს დროშაც ბარემ დავკიდოთ, მაინც არასოდეს შეგვიშვებენ არც ევროკავშირში და არც ნატოში! აშშ-ის დროშა უფრო ლამაზია, მოდი, ისიც დავკიდოთ!“, - წერს თავის Facebook-გვერდზესაქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2023 წლის 14 მარტი