პუბლიკაციები
დიდ სამამულო ომზე ქართულენოვანი წიგნის აპრობაცია გრძელდება - შეხვედრა ვეტერანებთან

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ვეტერანთა კავშირის ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შენობაში შედგა გულბაათ რცხილაძის უკვე გახმაურებული ნაშრომის - „დიდი სამამულო ომი 1941-1945. ცნობარი“ - პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ომისა და შრომის ვეტერანები. სხდომა გახსნა ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ბ-მა ალეკო მიქაბერიძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ცნობარს.

წიგნის ავტორმა, გულბაათ რცხილაძემ, წიგნის რედაქტორთან, პროფ. მამუკა კარტოზიასთან ერთად, დეტალურად წარადგინა თავისი ნაშრომის სტრუქტურა და შინაარსი.

სიტყვით გამოვიდნენ: ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, ისტორიის მეცნ. დოქტორი, გენერალი თენგიზ შუბლაძე, გენერალი ვლადიმერ იმედაძე, ქ-ნი მერი ჭილაშვილი და სხვები. ყველა გამომსვლელმა მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია ისტორიის გაყალბება, თუნდაც არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ.

წიგნის განხილვასთან ერთად, გამომსვლელებმა გამოყვეს ახალგაზრდა თაობების პატრიოტული სულისკვეთებით მომზადების აუცილებლობის თემა. ამასთან დაკავშირებით, გულბაათ რცხილაძემ გამოხატა აზრი, რომ კარგი იქნებოდა, დამკვიდრდეს ტურნირი სასტენდო სროლაში, მოსწავლე ახალგაზრდობისა და სტუდენტობისთვის, რომელზეც დიდი სამამულო ომის დროინდელი წითელი არმიის რეკორდსმენი სნაიპერების, საქართველოს წარმომადგენლების - ვლადიმირ სალბიევისა და ვასილი კვაჭანტირაძის სახელობის პრიზები გათამაშდება. სალბიევი და კვაჭანტირაძე წითელი არმიის საუკეთესო სნაიპერთა სამეულში შედიან. ერთმა მათგანმა 601 ნაცისტი გაანადგურა დიდი სამამულო ომის დროს, მეორემ - 534.

ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებმა ენთუზიაზმით მიიღეს ეს წინადადება და მისი განხილვა ახლო მომავლისთვის დაიგეგმა.

ღონისძიების დასასრულს, გულბაათ რცხილაძემ თავისი ნაშრომი ავტოგრაფით უსახსოვრა მრავალრიცხოვან მსურველებს