საზოგადოება
ფულადი გზავნილების ძირითად წყარო რუსეთია

 საქართველო, 7 მარტი, საქიფნრომი. 2023 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 163.5%-ით მოიმატა და 444.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 12.7%-ით 26.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები იანვარში კვლავ მაღალი იყო და 268 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 12-ჯერ მეტია. იანვარში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 60.1 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 1.0 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია ასევე ყაზახეთიდან 32.1 პროცენტით გაზრდილი გზავნილებიც, ხოლო აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ შემცირებას განაგრძობს. მაღალი ტემპით, 40.8 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს იანვარში რუსეთი (60.1%), ევროკავშირის ქვეყნები (21.3%) და აშშ (6.4%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6875-დან 2.6763-მდე, ანუ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8428-დან 2.8813-მდე – 1.4%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6410 და 2.8813 შეადგინა.