სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 თებერვალს ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 თებერვალს ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წელს არსებულ გლობალურ კონტრტერორისტულ გარემოს აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს საქართველოში ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ „მშვიდი და სტაბილური“ იყო. დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს ძალისხმევა პანკისის ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქის დაკავების თაობაზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის გამო გაასამართლეს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს მომხდარ ძალადობას. ანგარიშის თანახმად, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს, ასევე ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფი „ალტ-ინფოს“, ასევე ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ და „ქართული მარშის“ წარმომადგენლები დაესხნენ თავს“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მიიღო სათანადო კონტროლის ზომები და მიუხედავად 28 დამნაშავის დაპატიმრებისა, „ძალადობის ლიდერები და ორგანიზატორები დაუსჯელები რჩებიან“. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დაარეგისტრირა, რომელმაც „საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალადობას მხარდაჭერა გამოუცხადა“.

ანგარიში 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დისკუსიის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩართო, „ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა დოკუმენტი იმის გამო, რომ ის სათანადოდ ვერ ასახავს ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებს“.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შეფასებულია როგორც „კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებული“. მისი კონტრტერორისტული განყოფილება განუწყვეტლივ გადის მომზადებას და სულ უფრო ვითარდება გარკვეულ სფეროებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით. მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო თვალთვალის სისტემასთან, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნაკლებობასთან და სუსტ ზედამხედველობასთან დაკავშირებით“. ანგარიშის თანახმად, 2021 წელს „საქართველომ განაგრძო ძალისხმევა, რომელიც უმცირესობის ინტეგრაციის, განათლების, მედიის წვდომის, ახალგაზრდობის და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზეა ფოკუსირებული“.

ამასთან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 30 მარტს მიღებული კანონით, საქართველომ გააუმჯობესა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.