საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ყურადღება გადატანილია უკრაინისა და მოლდოვისკენ

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვარ და ეს გამოხატულია ყველა ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც დგამს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე კონფრონტაციულ ნაბიჯებს. ეს ყველაფერი არ გვაძლევს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთია უკრაინელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინის ხელისუფლების ქმედებები.

„ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება როდესაც აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ. როდესაც ისინი პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ და პირდაპირ პროვოკაციულ ქმედებებს გვთავაზობენ, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ ჩვენს შესაძლებლობას, ჩავერთოთ ოფიციალურ ფორმატებში. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ერთია უკრაინელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინის ხელისუფლების ქმედებები, რაც ძალიან სამწუხაროა. გაგრძელდება კომუნიკაცია, თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებებით. რა თქმა უნდა, უპირველესად იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა იყოს სათანადოდ გამოხატული. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გაბრალებენ შენ სრულ სისულელეს – ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ. როდესაც თვითონ იყვნენ მწამებლის შემფარებლები წლების განმავლობაში, იქ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გარკვეული ტიპის ფორმატებში მონაწილეობა. ეს არის რეალობა. მძიმეა ძალიან ეს ყველაფერი.

დღეს აქტუალურია, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, სამწუხარო მოვლენის გამო. ეს არის ომი. ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს. ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ყურადღება არის გადატანილი უკრაინისკენ, ასევე – მოლდოვისკენ. მოლდოვაში არის რთული ვითარება, ძალიან მძიმე ვითარებაა, თუნდაც 2-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა და 30-პროცენტიანი ინფლაციაა. მოლდოვის მოსახლეობის ნახევარი ისედაც არის პრორუსული განწყობების მქონე და დასავლეთს სჭირდება მოლდოვის პრეზიდენტის გამარჯვება. აქედან გამომდინარე, მოლდოვის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება. ერთ შემთხვევაში არის ომი და მეორე შემთხვევაში – ხელისუფლების გამაგრების კონკრეტული ინტერესი.

ჩვენთან არის მშვიდობა და ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ეს არის სწორედ მშვიდობა, როდესაც ომი არ არის ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.