აქტუალური
მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას ითხოვს

coalicმიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია უფლებამოსილ ორგანოებს სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ და სხვა დაზარალებულ პირთა უფლების დაცვის მიზნით ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

ბოლო პერიოდში საქართველოში სტიქიის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. ამ დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამწუხაროდ, დაიღუპა 6 ადამიანი. ეკონომიკურმა ზარალმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული. 1995 წლიდან დღემდე მხოლოდ მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ კი ბოლო წლებში 400-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი (დაახლოებით 70%) მეწყერსაშიშ უბნებს შეიცავს.

ოფიციალური ინფორმაციით, 11 000-ზე მეტი ოჯახი დღემდე სიცოცხლის რისკის ქვეშ რჩება. მათი სახლები ოფიციალურადაა შეფასებული როგორც დანგრეული ან საცხოვრებლად უვარგისი და არააღდგენადი.

ამ ფონზე არ არსებობს სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებული და დაზარალებული პირების უფლების დაცვის მიზნით ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა. ამასთან, არ ხდება რისკების შეფასება და პრევენციული ზომების გატარება.

არაერთი კვლევისა და რეკომენდაციის მიუხედავად, ხელისუფლება არ ცდილობს, უფრო მეტი ფინანსები და სხვა რესურსი გამოყოს საქართველოში სტიქიური პროცესების პრევენციისთვის, ისევე, როგორც მიყენებული ზიანის სრულფასოვნად აღმოსაფხვრელად.

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აგრეთვე, სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა სტიქიური პროცესებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების აქტუალიზაციისთვის, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთა დახმარება.