სამართალი
„პოლონური რადიო“: ევროკავშირი გეგმავს, მიმართოს საქართველოს, რომ სააკაშვილს თუ დართავენ საზღვარგარეთ წასვლის ნებას, ის არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ვიდრე იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს მიმართოს პოლონეთის ინიციატივით, თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ წასვლის ნებას დართავენ, ის უარს იტყვის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და არ დაკავდება პოლიტიკური საქმიანობით.

პოლონეთი მზად არის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონური რადიო“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, პოლონეთი ევროკავშირში აგროვებს ხელმოწერებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიმართოს სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით.

როგორც ბრიუსელში „პოლონური რადიოს“ კორესპონდენტი იტყობინება, ხუთშაბათს დაგეგმილი სამიტის წინ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნოს წერილი პოლონეთის ინიციატივის შესახებ. მედიასაშუალების ცნობით, წერილში იქნება განცხადება იმის შესახებ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ნებას დართავენ, ის უარს იტყვის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და არ დაკავდება პოლიტიკური საქმიანობით, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიაზე იქნება.

„მიხეილ სააკაშვილი თუ მოკვდება, ეს ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატო-სთან ურთიერთობებს“, – ნათქვამია წერილის ფრაგმენტში, რომელსაც „პოლონური რადიოს“ კორესპონდენტი გაეცნო.