აქტუალური
პაველ ჰერჩინსკი: ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში პოზიტიურია, ვიმედოვნებ, საქართველო დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში ძალიან პოზიტიურია.

მისივე თქმით, წინსვლა კვლავაც მისაღწევია და ევროკავშირი მზად არის, საქართველოს მაქსიმალური დახმარება გაუწიოს.

პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს დაიმსახურებს.

ნამდვილად მსურს, მივულოცო საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციულ ერთეულებს ძალიან კარგად შესრულებული სამუშაო. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში ძალიან პოზიტიურია. აღწერს საქართველოს ადმინისტრაციულ და სახელმწიფო მზადყოფნას ევროკავშირის წევრობისთვის. ის ძალიან ვრცელი და ტექნიკური დოკუმენტია. დარწმუნებული ვარ, მას ახლა სხვადასხვა სამინისტროში აანალიზებენ, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, საერთო შეფასება ძალიან დადებითია. რასაკვირველია, ზოგიერთი მიმართულებით საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, სხვა სფეროებში წინსვლა კვლავაც მისაღწევია, ეს გრძელვადიანი პროცესია. რასაკვირველია, ევროკავშირი და საქართველოში მისი დელეგაცია მზად ვართ, ქვეყანას მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.

ანალიტიკური ანგარიში დაფუძნებულია იმ კითხვარის პასუხებზე, რომელიც ქვეყანამ გასულ წელს ევროკავშირში გაგზავნა. ეს არის განცალკევებული პროცესი იმ 12 პრიორიტეტისა, რომელზე მუშაობაც ახლაც მიმდინარეობს. როგორც იცით, ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულება ახლოსაა, ზოგიერთის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად რეკომენდაციებია მოთხოვნილი. არის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. ჯერ კიდევა არის დრო, რადგან ევროკომისია 12 რეკომენდაციაზე პროგრესს შეაფასებს ოქტომბერში და შემდეგ, წლის ბოლოს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და შემდგომ ნაბიჯებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, საქართველო დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ჰერჩინსკის კითხვით მიმართეს: მოლდოვა ბევრ ნაწილში უკანაა საქართველოსთან მიმართებით და რამდენად სამართლიანია, რომ მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა?“, რაზეც პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა:

უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება მიღებული იქნა გასულ წელს, ასე რომ, ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ. დავუტოვოთ ამის შეფასება მკვლევარებსა და ისტორიკოსებს, რატომ მოხდა ასე და არა სხვაგვარად. ჩემი მიზანია, დავეხმარო საქართველოს, რამდენადაც შესაძლებელია, რათა იაროს წინ და მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.