საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს.
“ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ და საჯაროდ წარადგინა ფოტოები.
“ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა - რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, არ შედის განხილვაში, რისთვის დააკავეს სააკაშვილი, რადგან ეს საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საჯაროდ აწამებენ.
“სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - იგი მოკლან”, - თქვა ზელენსკიმ.
interpressnews.ge