საზოგადოება
საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოს ესტუმრა, სადაც 26 იანვარს მისი და ბრიტანეთის საგარეო მდივნის, ჯეიმს კლევერლის თანათვმჯდომარეობით უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდი გაიმართა. მინისტრებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები, სიტუაცია უკრაინაში და საქართველოს ევრო-ატლანტიუკური მისწრაფებები. გაერთიანებული სამეფო და საქართველო შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ თანამშრომლობა რიგ პრიორიტეტულ სფეროებში, მათ შორის, საერთაშორისო სანქციებით დაუპირისპირდნენ პუტინის აგრესიასა და მხარი დაუჭირონ საქართველოს მისწრაფებებს ნატოში.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო მდივანმა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიც 2008 წლის ომიდან მოყოლებული რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხის წინაშეა.

ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ „ქართველ ხალხზე უკეთ ცოტა ვინმეს თუ ესმის, რას წარმოადგენს რუსული აგრესია“. მან პირობა დადო, რომ კვლავაც დაეხმარება საქართველოს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსული აგრესიის მიმართ მოწყვლად ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების საჭიროებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანული მხარე „მიესალმა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ქართულ მხარეს აღუთქვა ბრიტანეთის განგრძობითი მხარდაჭერა ამ მიმართულებით“. ამავე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა იმსჯელეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მზარდ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, გაერთიანებულმა სამეფომ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ და შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლისაც შეხვდა.

უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარი პლატფორმაა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს. 2014 წლიდან მოყოლებული, ორი ქვეყნის დელეგაციები ურთიერთობათა პროგრესზე საუბრობენ და მომავალი თანამშრომლობის სფეროებს ყოველწლიურად განიხილავენ.