საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაქტილოსკოპიური, სახის ამომცნობი და ბალისტიკური ექსპეტიზისათვის განკუთვნილი მონაცემთა ბაზებისათვის რუსულ და ბელარუსულ საპროგრამო უზრუნველყოფას იყენებს. ეს ინფორმაცია ღია მონაცემების შესწავლის პროექტმა ask.gov.ge-მ მოიძია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და კვლევის შედეგები ინტერნეტგამოცემა next.on.ge-ზე გამოაქვეყნა.
სახის ამომცნობი და ბალისტიკური ანალიზის პროგრამები რუსული კომპანია Papillon Systems-ის შექმნილია, ერთი კი – ბელარუსული Todes Ltd.–ის. კვლევის თანახმად, რუსული კომპანიის ერთ-ერთი მომხმარებელი რუსეთის უშიშროების სამსახური და ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველი ორგანოებიცაა. სამივე პროგრამის შესასყიდად შსს-მ ჯამში 1 360 576 ლარი დახარჯა.
კვლევის თანახმად, შსს-მ Papillon Systems-თან თანამშრომლობა 2013 წელს, ჰაბიტოსკოპიური სისტემა Polyface-ის შესყიდვით დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიისგან 2017, 2018 და 2020 წლებში აპლიკაციის განახლებებიც შეიძინა. 2018 წლიდან საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებში ამავე მწარმოებლის ბალისტიკური ექსპერტიზის სისტემა Arsenal-იც ჩნდება.
რაც შეეხება Todes Ltd.-ს დაქტილოსკოპიური ანალიზის პროგრამას DAKTO-2000, კვლევის თანახმად, ის შსს-მ 2013 და 2015 წლებში შეისყიდა.