სამართალი
კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. 26 იანვარს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მომდევნო სამი წლით მოქმედი თავმჯდომარე, კახა ბექაური უკვე მესამედ აირჩიეს.

გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, თანამდებობაზე მხოლოდ ბექაურის კანდიდატურა იყო წარდგენილი და მას ფარულ კენჭისყრაზე მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა.

კახა ბექაური, რომელიც კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტია, საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად 2014 წელს აირჩია, 2017 წლიდან კი – მას კომისიის თავმჯდომარის პოსტი უკავია.

საგულისხმოა, რომ კახა ბექაურის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კომისიისადმი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა მხრიდან არაერთი პრეტენზია იყო. ისინი მარეგულირებელ ორგანოს „დაუსაბუთებელი“ და „პოლიტიკური ხასიათის“ გადაწყვეტილებების მიღებას ედავებოდნენ.

ამავე პერიოდში, არასამთავრობო სექტორმა კომუნიკაციების კომისია მედიაში „უხამსობის რეგულირების მიზნით წამოწყებულ აქტივობების“ გამოც გააკრიტიკა და განმარტა, რომ „კატეგორიულად მიუღებელია“ კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია და მაუწყებლის შინაარსში ჩაერიოს, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.

ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში შევიდა მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში სადავო ცვლილებებიც, რომლებითაც კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მედიის შინაარსის ზედამხედველობის საშუალება გაფართოვდა და კომისიას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა.

კომუნიკაციების კომისია თავისი არსით ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყებაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზეა პასუხისმგებელი. ასევე, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს.