პუბლიკაციები
„ქართულ არმიას ქალები აღარ სჭირდება!“, ანუ რატომ ტიროდა საქინფორმში მოსული კაპრალი მედეა ჭაღალიძე

qalebiმას ის საზარელი უსამართლობა ატირებდა, რომელიც საკუთარ თავზე გამოცადა და რომლის შესახებაც, სიმართლისა და დაცვის ძიებაში, საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ ამცნო.

მაშ ასე: მედეა ჭაღალიძე პროფესიით ფერშალია, მუშაობის 24-წლიანი გამოცდილებით, სამხედრო წოდებით – კაპრალი. ბოლო შვიდი წელი მედეა საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის შემადგენლობაში მუშაობდა, საიდანაც ამ წლის დასაწყისში ერთობ სასაცილო მიზეზით დაითხოვეს. როგორც ზემდგომმა ხელმძღვანელებმა განუმარტეს, თავდაცვის მინისტრის ზეპირი ბრძანების თანახმად, არმიაში ქალები საჭირო აღარ არიან. „ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს“, – მიაჩნია დაზარალებულს და ბრძოლას აგრძელებს. ახლა კი სხვა დეტალები თავად მედეა ჭაღალიძისგან.

– ასე აღმოვჩნდი ქუჩაში გაძევებული. ასეთივე ბედი ეწია სხვა ქალებსაც და მათი რიცხვი, დარწმუნებული ვარ, კიდევ გაიზრდება. მაშ, რაღა გასაკვირია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ლუკმაპურის საშოვნელად საზღვარგარეთ გაეშურა?! და რაც უფრო უარესია, ბოლო ხანს საქართველოში სავალალო ტენდენცია შეინიშნება: საზღვარგარეთ მიემგზავრებიან ქალები, სწორედ ისინი ინახავენ თავიანთ ქმარ-შვილს. მეც იძულებული გავხდი, თურქეთში წავსულიყავი, სადაც ერთ შეძლებულ ოჯახში საწოლს მიჯაჭვულ ბავშვს ვუვლი და ფერშლის მოვალეობებსაც ვასრულებ. პენსიამდე კიდევ დროა, ორი შვილიშვილი და უმუშევარი შვილი მყავს გამოსაკვები.

სამშობლოშიც ბევრს ვშრომობდი, ბრიგადის ყველა წვრთნაში ვმონაწილეობდი – სერტიფიკატები, სიგელები, მადლობის წერილებიც მაქვს. შემდგომ რვა თვე ერაყში დავყავი, ჩვენი მშვიდობისმყოფლობის მისიის შემადგენლობაში. მედალიც დავიმსახურე „უნაკლო სამსახურისთვის“. თუმცა დღეს ეს ყველაფერი უმაქნისი მაკულატურის საგნად იქცა და შენს პირად საქმეში აღარავინ იხედება, შრომის დაცვის შესახებ კანონზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

და ვის ვჭირდები ახლა – მარტოხელა ქვრივი, რომელიც იძულებულია, თავად იზრუნოს საკუთარ თავსა და ახლობლებზე?! ზოგჯერ ძალიან ვნანობ, რომ ქალად დავიბადე. როგორ ვიფიქრებდი, რომ შეიარაღებულ ძალებში ქალთმოძულე მინისტრი და ქვეითი ჯარების მეთაური გამოჩნდებოდნენ! ამასთან, არავინ იცის ამ სიძულვილის მიზეზი... გამოგიტყდებით, ასეთი დამცირება არასოდეს განმიცდია!

პირიქით, ჩვენ, ქალები, მუდამ დაცული ვიყავით, ხელისუფლებისა და უშუალო ხელმძღვანელობის მხარდაჭერასა და მფარველობას ვგრძნობდით. ასეთი რამ მუსლიმანურ ქვეყნებშიც არ ხდება. ქვეყნებში, სადაც ქალები რელიგიური წეს-ჩვეულებებით შევიწროებული არიან. იქაც კი, საქმიანობის ბევრ სფეროში ისინი მამაკაცებს ტოლს არ უდებენ. ჩვენთან კი რა ხდება?! ჩვენთან მხოლოდ ლაპარაკობენ, უფრო მეტიც, საერთაშორისო კონფერენციებსაც კი მართავენ თანამედროვე სამყაროში ქალის როლის შესახებ, თუმცა სულ საპირისპიროდ იქცევიან...

აი ვლაპარაკობ ამაზე და თავადვე მიკვირს, რადგან კარგად მახსოვს ის აღლუმი, სადაც პრეზიდენტმა ამაყი ღიმილი მიაგება ორ მწყობრად მომავალ სამხედროებს – ქალებს, ფეხაწყობით რომ ჩაუარეს.

რა ვიფიქრო – ღიმილი ყალბი, ხელოვნური იყო? აფერუმ ჩვენს სამხედრო სარდლებსაც, სავარძლებიდან გადმოცვენის შიშით ბრმა მორჩილებას რომ ამჯობინებენ!.. ამის მაგალითად შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე ივერ სუბელიანიც გამოდგება. უწინ მთელი წლის განმავლობაში ის ჩემი ოცეულის მეთაური იყო. მაშინ ლეიტენანტი და, როგორც მეგონა, ერთობ პერსპექტიული ახალგაზრდა ოფიცერი გახლდათ. გულწრფელად მიხაროდა მისი წარმატებები, როცა სამსახურებრივად დაწინაურება დაიწყო: ახალი წოდებები, თანამდებობები... თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება, ასეთმა უცაბედმა წინსვლამ ავნო. მალე დაავიწყდა, რომ ოდესღაც თვითონაც ჩვეულებრივი ჯარისკაცი იყო. ერთხელ დახმარების სათხოვნელად მიმართვა გადავწყვიტე. ვიფიქრე, იქნებ წარსულის ხათრით უარი არ მითხრას-მეთქი... თურმე როგორ მწარედ ვცდებოდი!.. მისი კაბინეტის კართან 6-საათიანი ლოდინის შემდეგ ამ ხელმძღვანელმა თავისი იურისტის პირით გადმომცა – ბოდიში, მაგრამ თქვენთვის დრო არ მაქვსო! ამის შემდეგ როგორ უნდა წახვიდე ომში ასეთი მეთაურისა და სარდლების შემყურე?

არ ვინაღვლებდი, საქმე მარტო მე რომ მეხებოდეს. აქვე მოგითხრობთ უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ჩემს 36 წლის კოლეგაზე, რომელიც სამჯერ იყო ერაყში და რომელიც ჩემსავით ქუჩაში გამოაგდეს. ხოლო როცა დასახმარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, ოთხ თვეს მოუხდა პასუხის ლოდინი და პასუხიც იქიდან კი არა, კვლავ თავდაცვის სამინისტროდან მოუვიდა. არ დაიჯერებთ, მაგრამ იქ ეწერა, რომ „კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა“!.. ოინიც ასეთი უნდა...

აქვე მინდა ვკითხო ჩემს უშუალო უფროსებს – მამუკა ბუთხუზსა და გიგი კალანდაძეს: ნუთუ დიდი გამბედაობა უნდა იმას, რომ სიტყვა შეაწიო უდანაშაულო დამნაშავე პროფესიონალებს, რომლებიც ასე სჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს? ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში შემიძლია დავაზუსტო კიდეც: კარგი მედდის გარეშე გროშის ფასი აქვს ექიმს, საერთოდაც, არმიისთვის აუცილებელია მედიცინა! ბოლოს და ბოლოს, ის შეიძლება თავადაც დაგჭირდეთ!

როცა ეს მარტივი ჭეშმარიტება მათ კაბინეტებში განვაცხადე, ნაცნობი პასუხი მივიღე: ჩვენ რა შეგვიძლია, თუკი მინისტრმა გვიბრძანა?! აი რას გეტყვით, ჩემო კარგებო: ვერც თქვენ და ვერც თქვენი ზემდგომნი სავარძლებს ვერ გამოეკერებით! გაიხსენეთ ბრძენის სიტყვები: „ისე იცხოვრე, რომ როცა მოხუცდები და სახლის წინ სკამზე ჩამოჯდები, კიდევ ვინმეს მოუნდეს შენ გვერდით ყოფნა. იცოდეთ, იმ ქვეყნად ვერავინ ვერაფერს წაიღებს – ვერც სიმდიდრეს, ვერც მაღალ თანამდებობას. და სანამ ამქვეყნად იმყოფებით, ღირსეულად, ადამიანურად და ამპარტავნების გარეშე იცხოვრეთ!“

თუმცა იმისთვის, რომ ამ სიტყვების განმსჭვალავ უბრალოებას ჩასწვდეთ, აუცილებელია, უფალთან თანხმობით იცხოვროთ და მისი სასჯელის გეშინოდეთ. გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი: მთელი ცხოვრება ამ გზით ვიარე, მწამდა და მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რისკენაც მაცხოვარი მოგვიწოდებს. და ეს ძნელი სულაც არ ყოფილა, რადგან ჩემი პროფესიის გამო მუდამ ტანჯულთა გვერდით ვარ და სანამ ძალ-ღონე შემწევს, ასევე ვიცხოვრებ. გარწმუნებთ, ადამიანის გადასარჩენად სისხლის უკანასკნელ წვეთსაც გავიღებ.

კიდევ ერთ ეჭვს გაგიზიარებთ. შესაძლოა ჩვენს „გასამხედროებულ ქალთაგან“ ზოგმა მართლაც რაღაც ჩაიდინა, თუმცა არ ვიცი და არც მსმენია... მაგრამ ასეც რომ იყოს, არავის აქვს უფლება, ამის გამო ყველა ქალი დასაჯოს. რა შუაში ვართ მე და ჩემი თანამშრომლები?!

ახლა კი, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში ისღა დამრჩენია, რომ დახმარება უფალს შევთხოვო; ვინატრო, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს ის დრო, როცა საჭირო აღარ იქნება ექიმებისთვის ფულის გადახდა, თუ ბავშვი ავად გაგიხდება; ანდა სახელმძღვანელოების შესაძენი ფულის შოვნა; თავზე დამოკლეს მახვილივით აღარ გეკიდოს შიში იმისა, რომ საფასურის გადაუხდელობისთვის სინათლეს, წყალს ან გაზს გაგითიშავენ; როცა აღარ გექნება სადარდებელი, რა აჭამო შვილებს ხვალ...

აი ასეთი მძიმე ფიქრებითა და განცდებით შეპყრობილი მოვედი დღეს თქვენთან, საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმში“. ბევრისგან მსმენია და მეგობრებისგანაც ვიცი, რომ თქვენს ჟურნალისტურ ოჯახში მართალ სიტყვას აფასებენ. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, უშუალოდ მიმემართა პრეზიდენტისთვის, თუმცა დროულად შევჩერდი. საეჭვოა, რომ მისმა ერთგულმა ხელქვეითებმა ჩემი წერილი მაგიდაზე დაუდონ. ასე კი, შესაძლოა, წაიკითხოს თქვენს საიტზე და გული მოულბეს! დიდად ვიმედოვნებ...

თქვენი მედეა ჭაღალიძე - კაპრალი, მედდა, უმუშევარი ქვრივი